Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენგურის ხიდი ჩაიკეტა


აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ აფხაზეთ სამეგრელოს საოკუპაციო ხაზზე არსებული ერთადერთი ე.წ. გამშვები პუნქტი, ენგურის ხიდი ჩაკეტა.

როგორც რადიო თავისუფლებას გალელმა რესპონდენტებმა განუცხადეს, დღეს, დაახლოებით 21:00 საათისთვის რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა მგზავრებს განუცხადეს, რომ ხიდზე მოძრაობა სოხუმის ბრძანების თანახმად უკვე აიკრძალა. თუ რა მიზეზით, მათთვის არ განუმარტავთ.

ხიდის ჩაკეტვას ადასტურებენ, თუმცა სხვა დეტალები ამ თემაზე არ იციან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში.

ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გაავრცელა დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ზუგდიდში მიმდინარე „პროვოკაციული ხასიათის“ საპროტესტო აქციები იმართება, რომელიც ეხება "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას". როგორც დე ფაქტო უწყებაში განმარტავენ, შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება ხიდზე მოზრაობის ორმხრივად შეზღუდვის შესახებ.

მათი ცნობით, დროებით იზღუდება როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე "უცხო ქვეყნის" მოქალაქეების შესვლა, ასევე ოკუპირებული ტერიტორიიდან "აფხაზეთის მოქალაქეების" გასვლაც.

ხიდის ჩაკეტვის მოთხოვნით რაულ ხაჯიმბას ე.წ. პრლამენტმა 25 ივნისს მიმართა. აფხაზური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ე.წ. დეპუტატმა დიმიტრი დბარმა სხდომაზე ამ მოთხოვნის მიზეზად დაასახელა საქართველოს პარლამენტში "ევროპული საქართველოს" წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადება, რომლითაც თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე რუსეთის დელეგაციის წევრებს მიმართა: "ვხოცავდი თქვენიანებს, ვხოცავდი აფხაზეთში, ვხოცავდი და დავხოცავ".

დიმიტრი დბარი ასევე ე.წ. გენერალურ პროკურატურას მიმართავს აკაკი ბობოხიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის მუხლით და სრული სიმკაცრით აგოს პასუხი საჯაროდ გამოთქმული ამ განცხადების გამო. ე.წ.პარლამენტის დეპუტატი ითხოვს ასევე, რომ რუსეთმა საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადოს "ევროპული საქართველოს" წევრი.

ცნობისთვის, დე ფაქტო ხელისუფლებას ენგურის ხიდი მიმდინარე წლის თებერვალში, 25 დღით ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზეზით ჰქონდა ჩაკეტილი.

გალელები მაშინ ყვებოდნენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკვები პროდუქტების ყიდვა გაცილებით მაღალ ფასად უწევდათ. გარდა ეკონომიკური ზიანისა, ხელი შეეშალათ სტუდენტებს და მოსწავლეებს რომლებიც განათლებას დანარჩენ საქართველოში იღებენ, ასევე ადამიანებს, რომლებსაც სამედიცინო სერვისის მისაღებად ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ საოკუპაციო ხაზის კვეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG