Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია სამაჯურის გაკეთებაზე - მგონი, ამათ მართლა მელია ვგონივარ


ნიკა მელია
ნიკა მელია

მე მგონი, ამათ მართლა რეალური მელია ვგონივარ ძაღლისებრთა ოჯახიდან, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოში მის საქმეზე გამართული სხდომის დასრულების შემდეგ. იგი ვარაუდობს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული დამატებითი ღონისძიების შესახებ, რომელიც მის ელექტრონულ მონიტორინგს გულისხმობს, მას უახლოეს მომავალში დაუკავშირდებიან:

"სამაჯურზე დამიკავშირდებიან და ან ხელზე იქნება, ან ფეხზე. შეიძლება ხვალიდან, ან დღეს საღამოს. ამათ მე მგონი მართლა რეალური მელია ვგონივარ ძაღლისებრთა ოჯახიდან. ახლა ყველაზე მეტად საინტერესოა "ქართული ოცნების" დეპუტაციის განმარტება. ეს ყველაფერი მაინც არ მიზღუდავს პარლამენტში სიარულს. ისეთივე უფლებამოსილებით ვარ დეპუტატი, როგორც არის დანარჩენი 149 წევრი", - განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 ივლისს არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ ბრალდების მხარის საჩივარი და ძალაში დატოვა მისთვის თავისუფლების აღკვეთის ზომად გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაავალა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილებაც, რომელიც ნიკა მელიასთვის გარკვეული ტიპის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა. შეზღუდვების მოხსნა ნიკა მელიასთვის დაცვის მხარე მოითხოვდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას 27 ივნისს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. პროკურატურამ მას 20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ნიშნით ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG