Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი პრანკერი RT-ის მაისურით ანტისაოკუპაციო მიტინგზე პოზირებს


რუსი პრანკერი ალექსეი სტოლიაროვი - მეტსახელად ლექსუსი - თბილისშია.

ლექსუსი - რომელიც რამდენიმე წელია ურეკავს პოპ ვარსკვლავებს, საჯარო პირებს, პრეზიდენტებსაც კი და თავს სხვა ადამიანად აჩვენებს - საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისამთავრობო და ანტისაოკუპაციო აქციას აკვირდება. მისი ფოტო, რომელშიც რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული მედია RT-ის მაისური აცვია, ფეისბუკზე ამავე მედიის ინგლისურენოვანი არხის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა დაპოსტა.

იგივე ფოტო, რამდენიმე საათის შემდეგ, დაპოსტა სტოლიაროვმა საკუთარ ფეისბუკზე წარწერით: “საქართველოს პარლამენტთან. ჩიტო-გრიტო”.

20-21 ივნისის აქციებთან დაკავშირებით ლექსუსი წერს:

"რა საოცარი დეპუტატია გავრილოვი. თითქოს სამშვიდობო მიზნებით დადის, ხალხი კი ალიაქოთს ტეხს. ხან ეკატერინბურგში ჩავიდა, სკვერთან დაკავშირებული სიტუაციის გადასაჭრელად, ხალხი აბუნტდა. ახლა - საქართველო. არადა განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია - ორივე შემთხვევაში უბრალოდ იჯდა და ლაპარაკობდა პარლამენტის სპიკერის სავარძელში.

საქართველოში კი ყველაფერი კარგად იქნება. მოიმიტინგებენ და ეყოფათ."

ალექსეი სტოლიაროვი ეხმიანება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვასაც.

“პუტინმა თავისი მითითებით 2019 წლის 8 ივლისიდან აუკრძალა რუსეთის ფედერაციის ავიაკომპანიებს ადამიანების საჰაერო გადაყვანა რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე (РИА). და რატომ? ვისთვისაა უკეთესი?” - წერს ლექსუსი, კომენტარებში კი აგრძელებს, თითქოს ანტირუსული მიტინგები ბევრი იყო ლიტვაში, თუმცა იქ ავიამიმოსვლა არავის აუკრძალავს.

ლექსუსი, კოლეგა პრანკერ ვოვანთან ერთად, პოლიტიკური "პრანკით" 2012 წლიდანაა დაკავებული. პრანკი - სიტყვა ინგლისური Prank-იდან მოდის და ხუმრობაა, რომელიც ვინმეს მოტყუებას, გაცურებას ისახავს მიზნად.

ბოლო წლებში პრანკერებმა, ვოვანმა და ლექსუსმა დაურეკეს ბელორუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკას და თავი მოაჩვენეს უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის შვილად.

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სახელით პრანკერებმა დარეკეს თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან.

2015 წელს, ლექსუსმა კოლეგა ვოვანთან ვლადიმერ პუტინისა და მისი პრესმდივნის დმიტრი პესკოვის სახელით დაურეკა ბრიტანელ მუსიკოსს ელტონ ჯონს.

2016 წელს, ვოვანმა და ლექსუსმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით წერილი გაუგზავნეს ნადია სავჩენკოს. წერილი სავჩენკოს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვდა. მისი ნამდვილობა არა მხოლოდ სავჩენკომ, მისმა ადვოკატებმაც დაიჯერეს.

ლექსუსი 2017 წელს ამტკიცებდა, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით დაურეკა საქართველოს შს ყოფილ მინისტრ გიორგი მღებრიშვილს და მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციაზე ესაუბრა.

რუსეთის დამოუკიდებელი მედია Meduza წერს, რომ პრანკერების საქმიანობა რატომღაც მუდმივად ემსახურება რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს, ემთხვევა რუსეთის სახელმწიფო მედიის დღის წესრიგს და მათი ჩანაწერები ხშირად ხვდება ეროვნული ტელევიზიების ეთერებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG