Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“ გაბუნიას განცხადებების გამო ბოდიშს იხდის, ხელისუფლების რეაქციას მედიის თავისუფლებაში ჩარევად აფასებს


ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ, გადაცემა “პოსტკრიპტუმში” რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ უხამს რეპლიკებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაყურებელს ბოდიში მოუხადა. სპეციალური განცხადება ტელეკომპანიამ 7 ივლისს, გვიან ღამით გაავრცელა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ნებისმიერი ფასეულობის დასაცავად ჟურნალისტმა, თუნდაც საკუთარ საავტორო გადაცემაში საავტორო პოზიციის დაფიქსირების დროს უნდა დაიცვას არხის სარედაქციო პოლიტიკა და მაღალრეიტინგული ეთერისთვის შესაბამისი ეთიკური მოთხოვნები.

„მივიჩნევთ რომ გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმა არ არის შესაბამისობაში ჩვენი არხის მიერ დადგენილ მაღალ სტანდარტებთან და ამის შესახებ იმსჯელებს ტელეკომპანიის თვირთრეგულირების ორგანო,“ - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ტელეკომპანია კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს და მუქარებს საპასუხო მკაცრი რეაგირების თაობაზე.

"წამყვანის მხრიდან ეთიკური სტანდარტების დარღვევის გამო, ხელისუფლების მხრიდან ამგვარი განცხადებები და მით უფრო მუქარა საპასუხო რეაგირების შესახებ, არის კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მედიის თავისუფლებაში ჩარევა და ცენზურის დაკანონება.

ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების კონტექსტში, ხელისუფლების ამგვარი ქმედება შეიცავს ტელეკომპანიასთან ანგარიშსწორების რეალურ საფრთხეს. მოვუწოდებთ საზოგადოებას, ჟურნალისტის მიერ ეთიკის სტანდარტების დარღვევის განხილვის გარდა, მოახდინოს მკაცრი რეაგირება ხელისუფლების განცხადებებზე,“- ნათქვამია „რუსთავი 2“-ის განცხადებაში.

7 ივლისს, გვიან ღამით ხელისუფლების და მმართველი პარტიის პირველმა პირებმა საჯარო, ოფიციალური განცხადებებით მკაცრად დაგმეს "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის მიერ ეთიკური ნორმების დარღვევით რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გამოყენებული უხამსი რეპლიკები შეაფასეს "ქვეყნის მტრობად", "პროვოკაციად", "დესტაბილიზაციის მცდელობად".

რუსთავი 2-ის შენობასთან გვიან ღამით დაიწყო სტიქიური საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები მოითხოვდნენ გიორგი გაბუნიას, და აქციის მონაწილეთა ნაწილი, დამატებით არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ არხის დატოვებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG