Accessibility links

რა არის ევოლუცია


ავტორი: გიორგი პაპაშვილი

ამ თემაზე დაწერის სურვილი გამიჩნდა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ვნახე ეს შემზარავი ვიდეო:

თავდაპირველად შოკში ვიყავი და არ ვუჯერებდი საკუთარ თვალებს და ყურებს, შემდეგ ნელ-ნელა გადამავიწყდა. ეს ვიდეო ჩემმა მეგობარმა შეინახა და ამ რამდენიმე დღის წინ მაჩვენა. მეც გამახსენდა, რომ ვაპირებდი მის შესახებ დაწერას. სამწუხაროდ, ვიდეო ინტერნეტში აღარ იძებნება და ამიტომ ავტვირთე ჩემს youtube არხზე. როგორც ჩანს, ვიღაცამ კარგად იმუშავა მისი ხელმისაწვდომი წყაროებიდან წასაშლელად. იმ შემთხვევაში, თუ ვიდეო ჩემს არხზეც დაიბლოკა, მისი ნახვა შეგიძლიათ facebook ლინკზე. მადლობა ჩემს მეგობარს ვიდეოს შენახვისთვის.

ჩემი აზრით, ის, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ, ყველაზე მეტად არის ჩვენი მომავალი თაობა, ბავშვები. ამისთვის უნდა ვეცადოთ მათ მაქსიმალურად ჯანსაღი გარემო შევუქმნათ, გარემო, სადაც მათი უფლებები სრულად იქნება დაცული და უზრუნველყოფილი. ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება კი განათლებაა.

აღნიშნულ ვიდეოში დაახლოებით 15-16 წლის გოგო ლაპარაკობს იმის შესახებ, თუ რა აბსურდულია ევოლუციის თეორია. იმასვე იმეორებს მასწავლებელიც (თუ საერთოდ შეიძლება ეწოდოს ამ ქალბატონს მასწავლებელი). მსგავსი კრეაციონისტული შეხედულების ბავშვებისთვის თავზე მოხვევა, ჩემი აზრით, უხეშად არღვევს მათ უფლებას მიიღონ სათანადო განათლება. აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში ბავშვები არიან უგუნური, უმეცარი ადამიანების მიერ შექმნილი გარემოების მსხვერპლნი. სწორედ ამიტომ მინდა ვილაპარაკო ძალიან მოკლედ ევოლუციის თეორიაზე.

ჩარლზ დარვინი არ ყოფილა პირველი და, მით უმეტეს, არც უკანასკნელი, ვინც იკვლევდა ევოლუციას. თუმცა დარვინი იყო პირველი, ვინც შემოგვთავაზა მექანიზმი, რომელსაც შეეძლო აეხსნა სახეობათა ცვალებადობის პროცესი, ყოველგვარი აბსტრაქტული არსის გარეშე, მაგალითად, „სწრაფვა სრულყოფილებისკენ“. მიუხედავად ყველა მომდევნო დამატებისა თუ დაზუსტებისა, დარვინის ევოლუციის თეორიის ძირითადი პრინციპი დარჩა შეუცვლელი და მარტივი: თუ რომელიმე შემთხვევით წარმოქმნილი ცვლილება სახეობას აძლევს საშუალებას გაზარდოს გადარჩენის და შთამომავლობის დატოვების შანსები, ეს ნიშნავს, რომ შემდეგ თაობებში ეს ცვლილება უფრო ხშირად იქნება წარმოდგენილი, რადგანაც ამ შემთხვევაში მეტია მისი (ამ ცვლილების) მატარებლების გადარჩენისა და შთამომავლობის დატოვების შანსები. მაგალითად, კოდალას, რომელსაც უფრო გრძელი ნისკარტი აქვს, უფრო ღრმა ფუღუროდან შეუძლია საკვების მოპოვება, რაც უპირატესობაა. ეს კი მისი და მისი გენის უკეთესად გადარჩენას ნიშნავს. თუ ამ მოვლენას გავამრავლებთ დროზე, სახეობებსა და მრავალფეროვან გარემო პირობებზე, გაირკვევა, რომ ეს საკმარისია იმის ასახსნელად, თუ რატომ ვართ ასეთი რთულები და მორგებულები ჩვენს საცხოვრებელ გარემოს.

მთიულასებრი ფრინველების შემთხვევაში ბუნებრივი გადარჩევის შედეგები ადვილი დასანახია. ერთი და იმავე სახეობის ფრინველებში წყალზე მცხოვრებ ჯგუფს თაობების მანძილზე სხვანაირი ნისკარტი განუვითარდა, რადგან თევზით იკვებებოდნენ, ხოლო ხმელეთზე მობინადრეებს სხვანაირი, რადგან მარცვლეულს მიირთმევდნენ.

სხვადასხვაგვარი ნისკარტი განუვითარდათ ხეზე მცხოვრებ და მიწაზე მცხოვრებ სახეობებსაც, საკვების მოპოვების გზების შესაბამისად.

აქედან გამომდინარეობს ერთი რამ, რომელიც ძნელია აღსაქმელად: ევოლუციას არ აქვს მიზანი, ევოლუციას არ აქვს გეგმა, ევოლუცია არ მიისწრაფვის არანაირი სურლყოფილებისკენ. მიღწეული სრულყოფილება არის, უბრალოდ, გვერდითი პროდუქტი იმისა, რომ ცოცხალი არსებები გადარჩებიან და მრავლდებიან სხვადასხვა ეფექტურობით, არც მეტი არც ნაკლები. ჩვენთვის ძნელია აღსაქმელად ის ფაქტი, რომ რთული სტრუქტურები წარმოიქმნებიან თავისთავად, რადგანაც ყველა ადამიანის თვისებაა მიანიჭოს ყველაფერს აზრი და მიზანი. ამიტომ არის, რომ ეს თვისება უფრო ძლიერად ვლინდება ბავშვებში.

როდესაც ვლაპარაკობთ „სრულყოფილებაზე“, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შეხედულება ანატომიის არასაკმარის ცოდნას ეფუძნება. არსებობს უამრავი მაგალითი ორგანიზმის არასრულყოფილებისა. აი, ვთქვათ, ლარინგეალური ნერვი. ეს ნერვი გამოდის ტვინიდან, ჩადის დაბლა, გულთან, აორტას არტყამს წრეს და ადის ისევ ზემოთ, ყელში, რომ ღეჭვა და საუბარი შევძლოთ. ჟირაფში ეს ნერვი 4 მეტრის სიგრძეს აღწევს.

რა სისულელეა, არა?! იმისთვის რომ ხორხთან მივიდეს, ამხელა წრეს აკეთებს. რა საჭიროა? ევოლუცია ამ მოვლენას ძალიან მარტივად ხსნის. ევოლუციის ადრეულ ეტაპზე, მაშინ, როდესაც ჩვენი წინაპრები იყვნენ თევზები, ეს ნერვი ძალიან მარტივად ხვდებოდა ყელში ამ გზით, გულის აორტა არაფერში არ უშლიდა ხელს. ხოლო შემდგომ, როცა ორგანიზმებმა განიცადეს ცვალებადობა, როცა გული და ტვინი ერთმანეთს შორდებოდა, ცხადია, რომ ნერვი ვერ გადაახტებოდა აორტას. სხვა რა გამოსავალია? ნერვის სიგრძე უნდა გაიზარდოს. ყველა ძუძუმწოვარში, მათ შორის ადამიანში აღნიშნული ნერვის ანატომია არის იდენტური. ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება ორგანიზმების „სრულყოფილება - არასრულყოფილებისა“. სამწუხაროდ, ფორმატი არ იძლევა საშუალებას.

ევოლუციის სწორად გასააზრებლად, აუცილებელია დროის სწორი აღქმა. მაგალითად, ადამიანისა და შიმპანზეს საერთო წინაპარი ცხოვრობდა, დაახლოებით, 7 მილიონი წლის წინ. ადამიანი და შიმპანზე ძალიან ახლო ნათესავები არიან, ჩვენს გენებს შორის განსხვავება 1%-ზე ოდნავ მეტია. რაც უფრო შორია საერთო წინაპარი, მით უფრო მეტია განსხვავება. ჩვენი და თაგვის საერთო წინაპარი ცხოვრობდა 90 მილიონი წლის წინ. ეს ციფრები არ ჟღერს ცუდად მანამ, სანამ არ დაფიქრდები ამაზე. ჩვენთვის წარმოსადგენად ერთი მილიონი წელიწადიც ძნელია, ევოლუციისთვის კი 10 და 100 მილიონი წელიც არაფერია. დროის გააზრებისას პირადად მე ვიჭედები სადღაც 10 000 წელიწადზე. ალბათ, მხოლოდ პალეონტოლოგებს შეუძლიათ სწორად აღიქვან მილიონობით წელიწადი.

ამდენად, როცა მავანი იკითხავს, თუ რატომ არ გარდაიქმნებიან მაიმუნები ადამიანებად დღეს, პასუხია: „ამას მილიონობით წელი დასჭირდა“. ან როდესაც მავანი იკითხავს, რატომ არ არის გარდამავალი რგოლები, პასუხია: დღეისთვის თითქმის ყველა გარდამავალი რგოლი არის აღმოჩენილი, არა მარტო ადამიანის, არამედ უამრავი ცხოველისა და მცენარის - მათ შორის საქართველოშიც. დმანისელი მზია და ზეზვა ერთ-ერთი გარდამავალი სახეობაა. თუმცა ევოლუციის პროცესზე დაკვირვება რეალურ დროშიც შეგვიძლია - ბაქტერიებში. ბაქტერიების წამლების მიმართ რეზისტენტობა სწორედ ევოლუციის პროდუქტია.

ევოლუციის ყველაზე თვალსაჩინო და კარგი მაგალითი შინაური ცხოველები და მცენარეებია (ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული). მაგალითად, ძაღლები (ეს ფოტო მე გადავიღე ბათუმის ცენტრალურ პარკში).

ალბათ, ყველას გაქვთ ნანახი მსგავსი სცენა. წარმოიდგინეთ, რომ არაფერი არ იცით ძაღლების შესახებ და არასდროს არ გყავთ ნანახი ისინი. იფიქრებდით, რომ ეს ორი არსება ერთი სახეობაა? ვფიქრობ, ვერც წარმოიდგენდით, რომ ამ ორ ინდივიდს შეჯვარების უნარიც აქვს (თუ ზომებმა არ შეუშალა ხელი) და შთამომავლობასაც წარმატებით დატოვებენ. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ორივეს შეუძლია შეჯვარდეს და დატოვოს შთამომავლობა მგელთან.

დაახლოებით 10 000 წლის წინ ადამიანმა დაიწყო ცხოველებისა და მცენარეების მოშინაურება. ჩვენი წინაპრები მალევე მიხვდნენ, რომ სასურველი შედეგის მიღება შესაძლებელია გადარჩევა-შეჯვარების საშუალებით: უნდა გამოარჩიოთ თქვენთვის საჭირო თვისების მქონე ინდივიდები (მაგალითად, შავი ფერის ბეწვით, ან ნებისმიერი სხვა თვისებით) და შეაჯვარო. ზუსტად ასე მიიღო ადამიანმა ძაღლის უამრავი ჯიში, რომლებიც საერთოდ არ ჰგვანან ერთმანეთს. იმავე მეთოდით ადამიანმა მიიღო ყველა შინაური ცხოველი, ბოსტნეული, ხილი და მარცვლეული.

შიანური ცხოველების შემთხვევაში სელექციონერია ადამიანი (ადამიანი ანიჭებს უპირატესობას ამა თუ იმ თვისებას), ხოლო ბუნებრივი გადარჩევის შემთხვევაში სელექციონერია გარემო პირობები. ახლა გაამრავლეთ ეს მოვლენა მილიონობით წელიწადზე და მიიღებთ სიცოცხლის მრავალფეროვნებას, რომელსაც დღეს ხედავთ.

ალბათ, ჩნდება კითხვა: რა საჭიროა ყველა ადამიანს ჰქონდეს გააზრებული ევოლუცია?

  1. უბრალოდ, საინტერესოა. ბავშვობაში ყველას გვაწუხებდა კითხვა, თუ საიდან წარმოვიშვით. მერე გვავიწყდება და აღარც გვაქს დრო მსგავს საკითხებზე საფიქრელად.
  2. ევოლუციის ცოდნამ შეუფასებელი წვლილი შეიტანა მედიცინის განვითარებაში. ის, რომ ჩვენ დღეს გვაქვს ამდენი სამედიცინო პრეპარატი და შეგვიძლია უამრავი დაავადების წარმატებით დამარცხება, არის ევოლუციური პროცესების სწორად გააზრების შედეგი.

ევოლუცია არის მუდმივი პროცესი. არ იფიქროთ, რომ სახეობები დღევანდელ ფორმებამდე განვითარდნენ და აღარ შეიცვლებიან. სანამ სასიცოცხლო პირობები იქნება დედამიწაზე, სიცოცხლე არ შეწყვეტს მასთან ადაპტაციას და შეცვლას.

მაინც გეპარებათ ეჭვი ევოლუციაში? ჩაიხედეთ სარკეში და ნახავთ მესამე ქუთუთოს ნარჩენს თვალის კუთხეში. დააკვირდით ადამიანის ჩონჩხს, ხერხემალი კუდით ბოლოვდება. დააკვირდით ახალშობილს, რომელიც რეფლექსურად ეჭიდება ყველაფერს, რადგან მშობლის ბეწვზე ჩაჭიდება პრიმატებს გვახასიათებს, თუმცა ადამიანებს, განსაკუთრებით ქალებს, სხეულზე ბეწვი დიდი ხანია აღარ გვაქვს. ჰკითხეთ სტომატოლოგს, რატომ გვაქვს „სიბრძნის კბილები“, მაშინ როცა ყბის ძვალზე მისი ადგილი აღარ გაგვაჩნია.

იაზროვნეთ კრიტიკულად, დასვით კითხვები და პასუხებს თავად მიაგნებთ.

ბლოგის დაწერაში დამეხმარა ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაცია, რისთვისაც ვუხდი უღრმეს მადლობას.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG