Accessibility links

ახალი ამბები

რუსთავი 2-ის გარდა, 18 ივლისს ECHR საქართველოდან კიდევ ორ საქმეზე გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებების გამოცხადების განრიგის შესახებ აქვეყნებს პრესრელიზს, რომელშიც იუწყება, რომ 18 ივლისს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებებიდან სამი შეეხება საქართველოდან საქმეებს - „გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“.

პრესრელიზში მოკლედ მიმოხილულია სამივე საქმე. რუსთავი 2-ის საქმის მიმოხილვა იხილეთ აქ.

საქმეში „გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ მომჩივანი არის საქართველოს სოფელ რთველში მცხოვრები, 1986 წელს დაბადებული ნოდარ გოგალაძე. ის ჩივის პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მისი დაპატიმრების შემდეგ და ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობაზე, რაც რვა წლის განმავლობაში გაგრძელდა და შემდეგ შეწყდა. საქმე ეხება ბორჯომის პოლიციის მიერ მის დაპატიმრებას 2008 წლის 13 თებერვალს და შემდეგ მის მოხვედრას თბილისის ნომერ მეხუთე საპყრობილეში, თავის არეში კოპით და ცხვირის არეში სიწითლით. პრესრელიზის თანახმად, „მომჩივანი თავიდან ამბობდა, რომ არ ჩიოდა პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობაზე, თუმცა თბილისის მერვე საპყრობილეში გადაყვანის შემდეგმან პროკურორს უთხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ხუთმა პოლიციელმა მას თავის არეში ურტყა“. ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში გოგალაძე ჩივის წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ამკრძალველი დასამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების უზრუნველმყოფელი მუხლებით.

საქმეში „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“ მომჩივანი პირები არიან საქართველოს მოქალაქეები, იური ვაზაგაშვილი და ციალა შანავა. იური ვაზაგაშვილი 2015 წელს მოკლეს, ციალა შანავა თბილისში ცხოვრობს და საჩივარს წარადგენს საკუთარი და გარდაცვლილი მეუღლის სახელით. „საქმე ეხება მომჩივანის შვილის მოკვლას საპოლიციო ოპერაციის დროს და მათ ჩივილს ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობის შესახებ“ - ვკითხულობთ პრესრელიზში. ტექსტში აღწერილია მომჩივანთა შვილის მკვლელობის გარემოებები - „იმ დროს 22 წლის ზ.ვ. და მისი მეგობარი, 25 წლის ა.ხ. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა მაშინ, როცა ზ.ვ. თავის მანქანას მართავდა 2006 წლის მაისში. საპოლიციო ოპერაციაში მონაწილეობდა სულ მცირე 50 პოლიციელი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის განყოფილების მაღალჩინოსნები და სპეცრაზმის ნიღბიანი ოფიცრები. ისინი შეიარაღებული იყვნენ ავტომატური იარაღით და ზ.ვ.-ს მანქანას ესროლეს 70-ზე მეტი ტყვია, რომელთაგან 40-მდე მიზანს მოხვდა. კიდევ ერთი მამაკაცი, ბ.პ. მძიმედ დაიჭრა, მაგრამ გადარჩა“ - წერია პრესრელიზში.

ტექსტში ნათქვამია ისიც, რომ პოლიცია, პირველ ეტაპზე, ამბობდა, რომ ამ ოპერაციით გასაძარცვად მიმავალი პირები შეაჩერა. ძალის გადამეტების შესახებ გამოძიება ინციდენტიდან სამ დღეში დაიწყო, მაგრამ 2007 წლის აპრილში დაიხურა. შემდეგ, 2012 წლის დეკემბერში, მომჩივანთა თხოვნის საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ საქმე განაახლა, თუმცა ამ პროცესში მომჩივან პირებს მსხვერპლის სტატუსი არ მინიჭებია. 2015 წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი სცნო დამნაშავედ სხვადასხვა დანაშაულში, მათ შორის განზრახ მკვლელობაში, გამოძიებისთვის ხელის შეშლაში მტკიცებულებების ფაბრიკაციის გზით, განზრახ უკანონო დაკავებაში და ძალადობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სასამართლოს თანახმად, ერთ-ერთ მსჯავრდებულს პიროვნული შუღლი ჰქონდა ა.ხ.-სთან და პოლიციის ოპერაცია შურისძიების მიზნით დაგეგმა.

ECHR-ის პრესრელიზში აღწერილია იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გარემოებებიც - რომ ის 2015 წლის იანვარში, თავისი შვილის საფლავზე კუსტარული მოწყობილობის აფეთქებამ იმსხვერპლა. „2015 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ დანაშაულში დამნაშავედ სცნო პოლიციელი, გ.ს.. სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი მომჩივანის არასამთავრობო ორგანიზაციას, ‘გადაარჩინე სიცოცხლე’, რომელიც პოლიციის უკანონო ქცევის გამოსავლენად შეიქმნა, ქვეყნის მასშტაბით გამომავალ გაზეთში გამოქვეყნებული ჰქონდა სტატია იმ ოფიცრების სიით, რომლებსაც, გავრცელებული ცნობებით, სხვადასხვა დანაშაულში ჰქონდათ მიღებული მონაწილეობა. გ.ს. იმ სიის ბოლოს იყო მოხსენიებული“.

პრესრელიზის თანახმად, მომჩივანთა საჩივარი, რომელიც ეხება 2006 წელს მათი შვილის პოლიციის მიერ მკვლელობას, ეყრდნობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მეორე მუხლს, სიცოცხლის უფლებას და ამ დანაშაულის ადეკვატური გამოძიების არარსებობას.

ყველა ახალი ამბავი

ევროპის პარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, გაათავისუფლოს დაკავებული უკრაინელები

ევროპის პარლამენტმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელშიც მოუწოდებენ რუსეთის ხელისუფლებას, „გადადების გარეშე და უპირობოდ გაათავისუფლოს რუსეთსა დაუკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსამართლოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეები“.

რეზოლუციაში, რომელსაც არ აქვს იურიდიული ძალა, და რომელსაც 18 ივლისს მიემხრო ორგანოს ყველა დიდი ჯგუფი, ნათქვამია, რომ მოსკოვმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო დაბრუნება უკრაინაში ყველასი, მათ შორის დემონსტრანტებისა, რომლებიც რუსეთმა მოსკოვში, წითელ მოედანზე დააკავეს 10 ივლისს და უკრაინის სამხედრო ფლოტის 24 მეზღვაურისა, რომლებიც დააკავეს ქერჩის სრუტეში 2018 წელს.

ეს რუსეთის შესახებ პირველი ტექსტი იყო, რომელიც მიიღო ევროპის პარლამენტმა ახალმა შემადგენლობამ.

რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, გამოაქვეყნოს ყველა დაკავებული პირის სია და უზრუნველყოს მათი იოლი კავშირი ახლობლებსა და ადვოკატებთან. რეზოლუციის თანახმად, რუსეთის სასამართლოებს არ აქვთ უფლებამოსილება რუსეთის ტერიტორიის გარეთ მომხდარი ქმედებების განხილვისა.

რეზოლუცია შეიცავს სხვა მოთხოვნებს, როგორიცაა ევროპის კავშირის მიერ რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ ყირიმში პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებზე მეთვალყურეობა, ასევე მათ მიმართ სანქციების დაწესება, ვინც რუსეთსა და ყირიმში პოლიტპატიმრების დაკავებისთვისაა პასუხისმგებელი.

პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს რუსეთში უვადოდ ყოფნის უფლება მისცა

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან "მოკავშირეობის და ინტეგრაციის ხელშეკრულების" დამატებით, რატიფიცირებულ ოქმს, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთ აძლევს რუსეთის ტერიტორიაზე უვადოდ ყოფნის უფლებას.

2018 წლის ნოემბერში, მოსკოვში ხელმოწერილ "ოქმს" რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა 2019 წლის ივნისში, ხოლო ფედერაციის საბჭომ 10 ივლისს.

პუტინის მიერ "ოქმის" ხელმოწერამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეებს“ რუსეთში უვიზოდ ყოფნა შეეძლოთ 180 დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში.

ეს "დოკუმენტი" ე.წ. სამხრეთ ოსეთში უვადოდ ყოფნის უფლებას აძლევს რუსეთის მოქალაქეებსაც.

პაატა სალია „რუსთავი 2“-ში დღესვე მივა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ახალი დირექტორი პაატა სალია საკუთარი ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ კომპანიაში მისვლას დღესვე გეგმავს.

"ვიმედოვნებ, რომ თანამშრომლებთან ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება" - წერს სალია.

​სალია წერს რომ სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის პარტნიორთა გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია აღარ არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და დირექტორის თანამდებობაზე თავად დაინიშნა.

სალია ასევე წერს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ "ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიული საქმიანობა განაგრძონ მშვიდად და თავისუფლად, „რუსთავი 2“-მა კი ჩვეულ რეჟიმში იმაუწყებლოს":

"ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანიამ შეუფერხებლად განაგრძოს ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობაც. ამის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში, მე დღესვე დავუკავშირდები ტელეკომპანიის მენეჯმენტს და მათთან ერთად ვგეგმავ, ცივილურ რეჟიმში დავიწყო ტელეკომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების გაცნობა და პასუხისმგებლობების გადმობარების პროცესი. როგორც არხის მეპატრონემ განაცხადა, ჟურნალისტების საქმიანობას არავითარი პრობლემა და შეზღუდვა არ ექნება", - წერს პაატა სალია.

გვარამია: „რუსთავი 2“ ისე გადაიფორმეს, როგორც ოროთახიანი „ხშუშჩოვკა“

„ცოტა ხანში ვეტყვით საზოგადოებას რა მოხდება“, - უთხრა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს ამავე არხის უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, დამაბნეველი იყო არა მხოლოდ თავად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, არამედ უცხოელი პარტნიორების დუმილი და ჯერჯერობით თავშეკავება.

გვარამიას განცხადებით, სრულიად არადამაბნეველი და გასაგებია ლავროვის, დუმის და პუტინის მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილის მიერ დახურვა მისი მთავარი საძულველი არა არხის, არამედ მიზნის:

„ისე გადაიფორმეს „რუსთავი 2“ ერთ საათში, როგორც ოროთახიანი „ხრუშჩოვკა“, - თქვა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვამია ამბობს, რომ ჯერჯერობით არც ხელისუფლების შემაკავებელი ბარიერები ჩანს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორებისგან, ვისაც პროცესების შეკავება შეუძლია.

„რუსთავი“-ის ყოფილი დირექტორი ასევე ამბობს, რომ ის აუცილებლად მოიგებს მის კონტაქტთან დაკავშირებულ დავას და აიღებს იმ 5 მილიონ პირგასამტეხლოსაც, რომელიც მის კონტრაქტშია ჩადებული და რომელსაც ისევ ახალ ტელევიზიაში ჩადებს, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება.

„რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს - ეს ტელევიზია ქიბარ ხალვაშის იქნება იმ ვადით, რა ვადითაც არის ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში. ამის შემდეგ ეს სიტუაცია ერთ დღეში ამოტრიალდება“, -განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"რუსთავი 2"-ის გადაფორმების შემდეგ, ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს მიმართა და არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ჩანაცვლება ოფიციალურად მოითხოვა, რაც საჯარო რეესტრმა დაუკმაყოფილა კიდეც.

ყანდაარის პოლიციის შენობაზე თვითმკვლელის იერიშის შემდეგ მეამბოხეებმა შენობას შეუტიეს

მეამბოხეებმა პოლიციის შენობას შეუტიეს ყანდაარის მას მერე, რაც შესასვლელთან თვითმკვლელმა ბომბი ააფეთქა მანქანაში.

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლმა, ბაჰირ აჰმადიმ რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ 18 ივლისის თავდასხმისას რამდენიმე მეამბოხე შევიდა შენობაში და სროლა დაიწყო მათსა და პოლიციის და ავღანეთის უშიშროების ძალებს შორის, გვიან ნაშუადღევს.

შეტაკების მსხვერპლის თაობაზე დეტალები არ გაუვრცელებიათ. პასუხიმგებლობა იერიშის გამო არავის უკისრია. ბოლო ხანებში ამ ტიპის თავდასხმებს თალიბანი ახორციელებს. ავღანეთში ძალადობის ზრდის ფონია წინსვლა აშშ-ის მცდელობაში, შუამავლობა გასწიოს მოლაპარაკებისას, რომელის მიზანი 18 წლიანი ომის დამთავრებაა.

ირანის ტელევიზია: რევოლუციურმა გვარდიამ უცხოეთის ტანკერი დააკავა ჰორმუზის სრუტეში

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ქვეყნის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა ჰორმუზის სრუტეში 14 ივლისს დააკავა უცხოეთის სახელმწიფოს ტანკერი, რომლის ბორტზე ეკიპაჟის 12 წევრი იყო.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, ტანკერს უცხოელი კლიენტებისთვის გადაჰქონდა ირანელი კონტრაბანდისტების საწვავი და დააკავეს კუნძულ ლორაქის სამხრეთში, სტრატეგიული მნიშვენლობის ჰორმუზის სრუტეში. რევოლუციური გვარდიის საინტერნეტო საიტი იტყობინება, რომ ტანკერი, რომელსაც ირანული გემებისგან გადაქაჩული, ორი მილიონი ბარელის ოდენობის კონტრაბანდისტული ნავთობი გადაჰქონდა სხვა რეგიონში, დააკავეს.

ცნობაში არ იტყობინებიან ტანკერის წარმოშობას, ან ეკიპაჟის წევრების მოქალაქეობას.
საიტის თანახმად, გემი, რომელიც გვარდიამ დააკავა, იგივეა, რომელიც ირანის ძალებმა 14 ივლისს გაიყვანეს ბუქსირით.

„ტანკტრაკერსმა“, სატრანსპორტო ნაოსნობის სამსახურმა, ტანკერი ამოიცნო როგორც MT Riah, პანამის დროში მოცურავე გემი, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეკუთვნის, და რომელიც ირანის ძალების მიერ იქნა მიერ ბუქსირით გადაყვანილი 14 ივლისს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროში აკრიტიკებს აშშ-ის პოლიტიკას

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის განცხადებით, აშშ "ეკონომიკურ ტერორიზმს" აწარმოებს, სანქციების დაწესების გზით და მან საკუთარ თავს ავნო საერთაშორისო ძალების მიერ 2015 წელს ირანთან გაფორმებული ატომური ხელშეკრულებიდან გამოსვლით.

17 მაისს, გაეროში გამოსვლისას ჯარიფმა ასევე თქვა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ცალმხრივად დაწესებული სანქციები "განზრახ იღებს მიზანში უდანაშაულო სამოქალაქო პირებს, არალეგიტიმური პოლიტიკური მიზნების მისაღწევად". ამასთან, ტელეკომპანია ბლუმბერგთან საუბარში ზარიფმა თქვა, რომ დაძაბულობის განმუხტვაზე პასუხისმგებლობა ტრამპს ეკისრება. ზარიფი წინააღმდეგობით შეხვდა ბირთვული ხელშეკრულების შესახებ ხელახალი მოლაპარაკების იდეას - "ერთ ცხენს ორჯერ ვერ იყიდიო", უთხრა მან ბლუმბერგს.

2018 წელს, მრაველეროვნული ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ აშშ-მა ფართომასშტაბიანი შემზღუდველი ზომები შემოიღო და ცდილობს ირანის ნავთობის ექსპორტი ნულამდე დავიდეს - რასაც მძიმე შედეგები აქვს ირანის ეკონომიკისთვის.

2015 წლის ხელშეკრულებამ ირანს სანქციები მოუხსნა, მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

ნიკა გვარამია პაატა სალიამ ჩაანაცვლა „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელის პოსტზე

საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა „ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილების“ თაობაზე. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავდა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან ნიკა გვარამიას გადაყენებასა და მის ნაცვლად პაატა სალიას დანიშვნას.

ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს ამ მოთხოვნით მას შემდეგ რამდენიმე წუთში მიმართა, რაც ის „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დარეგისტრირდა.

შედგა ასევე „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრების ოქმი, რომელშიც პრაქტიკულად მხოლოდ ქიბარ ხალვაში მონაწილეობდა, როგორც ერთობლივად კომპანიის 100%-ის მფლობელი.

რეესტრში მითითებულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 60%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40% შპს "პანორამაზეა" გაფორმებული, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე ხალვაში ფლობს. შესაბამისად, პარტნიორთა კრების ოქმზე ქიბარ ხალვაშის ორი ხელმოწერაა.

პარტნიორთა კრების დღის წესრიგის თანახმად, გადაწყდა, რომ:

  • შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა ნიკა გვარამია;
  • შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორად დაინიშნა პაატა სალია.

პარტნიორთა კრების შემდეგ, პაატა სალიამ საჯარო რეესტრში წარადგინა თანხმობა „სამაუწყებლო კომპანია შპს რუსთავი 2“-ის დირექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით.

​18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს დატოვებს მხოლოდ ნიკა გვარამია და გენერალურ დირექტორად დაინიშნება მისი ადვოკატი პაატა სალია.

საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

შესაბამისად, ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

ილო ბეროშვილი: ქიბარ ხალვაშს მხოლოდ „რუსთავი 2“-ის ლოგო დარჩება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მუსიკალური პროექტების გუნდი სტრასბურგის სასმართლოს გადაწყვეტილებას და მის თანმდევ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არხის მუსიკალურ მეგაპროექტებს, შინაარსობრივად ყველაზე ნაკლები შეხება აქვს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან, გუნდი იმავე სულისკვეთებით მუშაობს და იმავე ფასეულებებს იზიარებს, რომელსაც ემსახურება „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახური, პოლიტიკური თოქშოუები და მთლიანად „რუსთავი 2“:

„ჩვენი ტელევიზიის ფასეულობების და დამოუკიდებლობის გარანტი იყო და არის არხის გენერალური დირექტორი. თუ აქამდე ჩვენ გვიცავდა სტრასბურგის დროებითი ღონისძიება, რომელიც თავად სტრასბურგმა გააუქმა, ამიტომა ახლა მთავარი დარტყმა მოდის ნიკა გვარამიაზე. ქიბარ ხალვაშის განცხადებიდნ გამომდინარე, მისი პირველი ნაბიჯი გენერალური დირექტორის მოხსნა იქნება, რომელიც მთლიანად შეცვლის არხის სარედაქციო პოლიტიკას. რაც ჩვენთვის მიუღებელია, რადგან ეს გამოიწვევს ამ სახით არსებული რუსთვი 2 ის გაქრობას“, - აცხადებს „გვიანი შოუს“ წამყვანი ილო ბეროშვილი.

მისი განცხადებით, თუ ეს მოხდება, რუსთავი 2-დან დარჩება მხოლოდ ლოგო, რომელიც, მისივე სიტყვებით, თუ სასამართლოს დავუჯერებთ, ქიბარ ხალვაშის შექმნილია.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ნიკა გვარამიას მოხსნასთან დაკავშირებული საკითხი არც კი განიხილოთ

„თუ თქვენ ამბობთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობასთან არაფერი გესაქმებათ, მაშინ ძალიან გთხოვთ, ნიკა გვარამიას მოხსნასთან დაკავშირებული საკითხი არც კი განიხილოთ“, - აცხადებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, გადაცემა „ნანუკას შოუ“-ს წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, ტელეკომპანიის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს არა ქიბარ ხალვაში, არამედ ბიძინა ივანიშვილი და სწორედ ამიტომ, ის მიმართავს არა ქიბარ ხალვაშს, არამედ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს:

„ეს არხი ერთიანია როგორც არასდროს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც ამ ბრძოლას მომავალში მოგვაგებინებს. ეს არხი შედგება ადამიანებისგან. მესმის, რომ ქიბარ ხალვაშმა დახატა ლოგო, რომელსაც ის გვედავება, მაგრამ ამ ლოგოს მიღმა ვართ ჩვენ, ადამიანები, რომლებიც აგერ უკვე ათეულობით წელია ვართ ერთი ღირებულებების და ფასეულობების ირგვლივ გაერთიანება. ჩვენ ერთადერთ რამეს ვთავაზობთ ხელისუფლებას, ქიბარ ხალვაში არ არის არავინ, ქიბარ ხალვაში არის ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ვთავაზობთ, რომ თუ მას სურს, რომ დაამტკიცოს, რომ ამ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით არ აქვს პოლიტიკური ინტერესები, შეეშვას ნიკა გვარამიას. ნიკა გვარამია ჩვენთვის არის სიტყვის თავისუფლებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი. თუ თქვენ ამბობთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობასთან არაფერი გესაქმებათ, მაშინ ძალიან გთხოვთ, ნიკა გვარამიას მოხსნასთან დაკავშირებული საკითხი არც კი განიხილოთ. ეს არის ჩვენი მთავარი შეთავაზება და ამ პოზიციაში ვართ ერთიანები, როგორც არასდროს“, - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2" ოფიციალურად გადაიფორმა. ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში 18 ივლისს 15:17 საათზე აისახა.

რეესტრში მითითებულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 60%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40% შპს პანორამაზეა გაფორმებული, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე ხალვაში ფლობს.

რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად ჯერჯერობით ნიკა გვარამია რჩება.

18 ივლისს ცნობილი გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. ევროსასამართლომ ვერ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას. რამდენიმე საათში ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ საჯარო რეესტრს მიმართა და "რუსთავი 2"-ის პარტნიორისა და წილის ცვლილება მოითხოვა. განცხადება სალიამ მინდობილობისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანხლებით წარადგინა.

საჯარო რეესტრში, აქამდე, "რუსთავი 2"-ის მეწილეებად მითითებული იყვნენ:

  • ლევან ყარამანიშვილი 22%
  • გიორგი ყარამანიშვილი 18%
  • შპს ტელეკომპანია საქართველო 51%
  • ნინო ნიჟარაძე 9%

"რუსთავი 2"-ის გადაფორმების შემდეგ, ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს უკვე მიმართა ნიკა გვარამიას ჩანაცვლების მოთხოვნით.

ქიბარ ხალვაშის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი მისი ადვოკატი, პაატა სალია იქნება.

"რუსთავი 2"-ის თანამშრომლები ნიკა გვარამიას მხარდაჭერას უცხადებენ

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა "რუსთავი 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი.

"სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში დასავლური ღირებულებების მთავარ ბასტიონს, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ს, ამ ღირებულებებისთვის ბრძოლაში მარტოს ტოვებს, ჩვენს იმედგაცრუებას იწვევს. ასეთ ვითარებაში ჩვენი ღრმა რწმენით, მთავარ პრობლემას და საფრთხეს არხისთვის, მედიასივრცისთვის და საბოლოო ჯამში მთლიანად ქვეყნისთვის, საინფორმაციო პოლიტიკური გადაცემების და მთლიანად "რუსთავი 2"-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა წარმოადგენს” - ნათქვამია განცხადებაში.

ტელეკომპანიის თანამშრომელთა შეფასებით, ნიკა გვარამიას ყოფნა გენერალური დირექტორის პოსტზე და მისი შრომითი კონტრაქტი იყო "რუსთავი 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი, რადგან ნიკა გვარამია გამოხატავს, იცავს და იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებისთვისაც იბრძვის "რუსთავი 2"-ის ყველა თანამშრომელი.

"ქიბარ ხალვაშის განცხადება, რომ ის არ აპირებს არც სარედაქციო პოლიტიკის და არც კომპანიის თანამშრომლების შეცვლას გარდა გვარამიასი, არ იწვევს ჩვენში ნდობას და ეს გამოჩნდა პირველივე წუთებში, როდესაც საჯარო რეესტრში, ტელევიზიის წილების რეგისტრაციისთვის მისი ადვოკატი და როგორც თავად ამბობს, არხის მომავალი დირექტორი, პაატა სალია მივიდა სამთავრობო მედიის წარმომადგენლებთან ერთად ისე, რომ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურისთვის არც კი უცნობებია და ჩვენი პროდიუსერების სატელეფონო ზარებისთვისაც არ უპასუხია. მიგვაჩნია, რომ ხალვაში, წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც მთელი თავის ძალებით, ყველა შესაძლებლობით და ძალაუფლების ყველა შტოს გამოყენებით იბრძოდა "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ, "ქართული ოცნების" მხარეს. იმ პოლიტიკური ჯგუფის მხარეს, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის პირველივე დღიდან ცდილობს შეცვალოს "რუსთავი 2"-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა” - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, "კურიერის" ყველა თანამშრომელი საკუთარ პიროვნულ და პროფესიულ მიზნად ისახავს საქართველოს დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციისთვის, ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის და ოკუპანტის, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას.

„ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნება" და მის მიერ მხარდაჭერილი ქიბარ ხალვაში, იზიარებენ ამ მიზნებს და ეთანხმებიან მიზნებისკენ სწრაფვის ჩვენს სულისკვეთებას. სწორედ ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის შემდეგი: ქიბარ ხალვაშის მიერ მაუწყებელში მენეჯმენტის შეცვლა იქნება "კურიერის" და მთლიანად არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ მიმართული პირველი ნაბიჯი, რაც ჩვენთვის მიუღებელია” - ნათქვამია განცხადებაში.

„რუსთავი 2“-ის თანამშრომლები მოუწოდებდნენ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს, არ დაერეგისტრირებინა მესაკუთრეების ცვლილება, ვიდრე "რუსთავი 2" არ გამოიყენებს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში.

საჯარო რეესტრმა დარეგისტრირების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

"რუსთავი 2"-ის გადაფორმების შემდეგ, ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას ჩანაცვლებას ოფიციალურად მოითხოვს

"რუსთავი 2"-ის გადაფორმების შემდეგ, ქიბარ ხალვაში საჯარო რეესტრს მიმართავს და არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ჩანაცვლებას ოფიციალურად მოითხოვს.

ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას თანამდებობაზე თავისი ადვოკატის, პაატა სალიას დანიშვნას აპირებს.​

გვარამია ამტკიცებს, რომ მისი კონტრაქტი 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს და თანამდებობიდან გათავისუფლების უმაღლეს გარანტიებს შეიცავს.

გვარამიას თქმით, საკუთარი ნებით კონტრაქტზე უარს იტყვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას გადაწყვეტენ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები და თანამშრომლები.

18 ივლისს ცნობილი გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. ევროსასამართლომ ვერ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას.

რამდენიმე საათში, ადვოკატის პაატა სალიას მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრმა რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა.

არხის მოქმედი დირექტორის, ნიკა გვარამიას აზრით, „დანაშაულებრივი მითვისებაა“ ტელევიზიის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირება მანამდე, ვიდრე ჯერ კიდევ არსებობს გასაჩივრების შანსი.

ფაშინიანი: ჩვენი მმართველობის მთავარი მიღწევა დემოკრატიის განვითარებაა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ უმთავრესი მიღწევა მისი ხელისუფლებაში ყოფნის 14 თვის განმავლობაში არის სომხეთში დემოკრატიის მდგრადი განვითარება.

„უდიდესი მიღწევა ... არის დემოკრატია და სომხეთის დემოკრატიული იმიჯი და მართლაც, დღევანდელ მსოფლიოში, სომხეთს დემოკრატიულ ქვეყნად თვლიან“, უთხრა ფაშინიანმა რადიო თავისუფლებას. ფაშინიანმა დასძინა, რომ „2018 წელს სომხეთში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. პირველად მოხდა ის, რომ არავის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია შედეგები. ეს განსაკუთრებული მოვლენაა სომხეთის ისტორიაში და მას მთავარ წარმატებად მივიჩნევ“.

მაშინ, ფაშინიანმა, ყოფილმა ჟურნალისტმა, ანტისამთავრობო სამკვირიანი გამოსვლების შედეგად აიძულა მაშინდელი ლიდერი, ადრინდელი პრეზიდენტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სერჟ სანქისიანი, გადამდგარიყო რამდენიმე დღის შემდეგ მას მერე, რაც ის პარლამენტში იქნა არჩეული.

მაია ასათიანი: ქვეყნის ბედი დღეს ამ ნარინჯისფერ მიკროფონთან წყდება

„ეს აღარ არის ბრძოლა მხოლოდ თავისუფალი სიტყვისთვის და აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის, ეს აღრ არის ბრძოლა მხოლოდ რუსთავი 2-სთვის. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ბრძოლა ჩვენი სამშობლოსთვის. დღეს აქ, ამ ნარინჯისფერ მიკროფონთან წყდება სამშობლოს ბედი - ვიქნებით ტოტალიტარული სახელმწიფო - ყველა ტელევიზია, ყველა რადიო და ყველა გაზეთი ერთ ხმაზე ილაპარაკებს თუ კიდევ გვაქვს შანსი ვიყოთ თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო“, - აცხადებს გადაცემა „პროფილის“ წამყვანი, ჟურნალისტი მაია ასათიანი.

მისი განცხადებით, ასეთი ტოტალიტარული სახელმწიფო არის რუსეთი, სადაც ყველა მედია ერთი ხმით საუბრობს, ვლადიმირ პუტინის ხმით: „ ჩვენ არ გვინდა ასეთი ქვეყანა“, - ამბობს ჟურნალისტი.

„თუ თითოეულ თქვენგანს აქვს სურვილი, საკუთარ თავს დაუსვას შეკითხვა, უნდა თავისუფალი საქართველო თუ უნდა საბჭოთა რესპუბლიკა, თქვენ უნდა უპასუხოთ ახლა ამ შეკითხვას, რა გინდათ თქვენი შვილებისთვის. ჩვენ 9 აპრილის თაობა ვართ, რომელსაც ახსოვს, რომ გამოდიოდა გაზეთები „თბილისი“ და „ კომუნისტი“ და ახლაც ასე იქნება“, - აცხადებს მაია ასათიანი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება

პაატა სალია: „რუსთავი 2“-ის საკითხის სტრასბურგში გასაჩივრების საფუძველი არ არსებობს

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ვერ ხედავს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილების რაიმე ნაწილში გასაჩივრების საფუძველს .

„შანსი ძალიან მიზერულია. მე გამოვრიცხავ, როგორც ერთი იურისტი... მე, ვთვლი, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი...ვთვლი, რომ დიდ პალატაში განსახილველად დასაშვები საფუძველიც არ არსებობს და იმედია, მალე შევიტყობთ ამასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვინაიდან, მოგეხსენებათ, პირდაპირ დიდ პალატაში არ მიდის ეს საჩივარი. საჩივრის დასაშვებობის ბედი უნდა გადაწყვიტოს სასამართლოს შესაბამისმა სტრუქტურამ და ვიმედოვნებთ, რომ ამასთან დაკავშირებითაც იქნება ჩვენთვის დადებითი პასუხი“, - განაცხადა პაატა სალიამ იუსტიციის სახლში ოფიციალური განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს დატოვებს მხოლოდ ნიკა გვარამია და გენერალურ დირექტორად დაინიშნება მისი ადვოკატი პაატა სალია.

იუსტიციის სახლმა „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ სულ ცოტა ხნის წინ დაარეგისტრირა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, რომ „დანაშაულებრივი მითვისება“ იქნება ტელევიზიის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირება მანამდე, ვიდრე ჯერ კიდევ არსებობს გასაჩივრების შანსი.

„ჩვენ შეგვიძლია გასაჩივრება ერთ შემთხვევაში, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი - ეს არის დასაშვებად ცნობა მოსამართლე ურთმელიძის, თოდუას და სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის და ცხადია, ჩვენ ვაპირებთ ამის გასაჩივრებას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე.

იმ შემთხვევაში, თუ დიდი პალატა მიიღებს „რუსთავი 2“-ის საჩივარს და ჩათვლის, რომ მოსამართლე ურთმელიძე იყო მიკერძოებული, გვარამიას შეფასებით, საქმე მთლიანად დაინგრევა.

„თუ ამ დროს ხალვაში უკანონოდ იქნება დარეგისტრირებული, საქმის შეტრიალება შეუძლებელი იქნება. ამიტომ, დღეს, ქიბარ ხალვაშის კანონსაწინააღმდეგო დარეგისტრირება იქნება საქართველოს კონსტიტუციის, ევროპული კონვენციის დარღვევა და თანამდებობრივი დანაშაულიც“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს, "რუსთავი 2"-ს გასაჩივრების შანსი არ წაართვას

დავით ბაქრაძე

ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის, „ევროპული საქართველოს“ შეფასებით, „რუსთავი 2“-ის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხის შემცველია და ცუდია ქართული დემოკრატიისთვის.

„მაგრამ, როგორც პასუხისმგებლიანი და პროდასავლური ოპოზიცია, ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ამიტომ მთლიანად ვეთანხმები არხის და მისი დირექტორის პოზიციას, რომ დავა უნდა გაგრძელდეს სამართლებრივად“ - განაცხადა პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში დავის გაგრძელების შესახებ „რუსთავი 2“-ის გადაწყვეტილება სწორი გზაა.

“მინდა ხელისუფლებას კატეგორიულად მოვუწოდო, მიყვნენ მათივე დაწესებულ სტანდარტს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, როდესაც ხელისუფლება აცხადებდა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება საბოლოო იქნება მხოლოდ დიდი პალატის გადაწყვეტილების შემდეგ. მოვუწოდებ, საკუთარი სტანდარტი დაიცვან და „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით არ მოახდინონ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების აღსრულება და ამით „რუსთავი 2“-ს გასაჩივრების შანსი არ წაართვან“ - განაცხადა ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის შეფასებით, „რუსთავი 2“-სთვის გასაჩივრების შანსის წართმევა აღქმული იქნება როგორც პოლიტიკურად და სამართლებრივად ცუდი და დამაზიანებელი ნაბიჯი და არხის მითვისების მცდელობა.

პაატა სალია: "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშის საკუთრებად შესაძლოა დღესვე დარეგისტრირდეს

სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება, „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაში უნდა დარეგისტრირდეს, - განაცხადა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ იუსტიციის სახლში ოფიციალური განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.

„წარვადგინე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად იუსტიციის სახლში და ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო შეასრულებს თავის ვალდებულებას - აღარ არსებობს უკვე არანაირი დაბრკოლება იმისათვის, რომ მოხდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ანუ ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდეს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ“, - განაცხადა პაატა სალიამ.

მისი განმარტებით, იუსტიციის სახლმა შესაძლოა დღესვე დაარეგისტრიროს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ბიზნესმენ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით.

„დღესვე შეიძლება დარეგისტრირდეს ეს გადაწყვეტილება. ამის შემდეგ, გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ქიბარ ხალვაშმა როგორც კომპანიის ახალმა მესაკუთრემ. შესაბამის გადაწყვეტილებებს ის მიიღებს. მან დააანონსა, რომ დირექტორის პოზიციაზე მომიაზრებს მე... მე გითხარით როგორ ესახება ამ ნაწილში ჩემი მოქმედებები... დანარჩენს გამოაჩენს დრო და ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულება ექნებათ ჟურნალისტებს და არხის დღევანდელ მენეჯმენტს - ამაზე ცოტა ადრეა საუბარი“, - განაცხადა სალიამ.

18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს დატოვებს მხოლოდ ნიკა გვარამია და გენერალურ დირექტორად დაინიშნება მისი ადვოკატი პაატა სალია.

საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

შესაბამისად, ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

თამარ ხულორდავა: სტრასბურგმა დაადასტურა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორე

„ეს ცალსახა და მკაფიო გადაწყვეტილება არ ტოვებს სხვადასხვა სახის ინტერპრეტირების შესაძლებლობას“, - ასე ფიქრობს - რუსთავი 2-ის საქმესთნ დაკავშირებულ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტლებაზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა.

მმართველი გუნდის წევრი აცხადებს, რომ უმაღლესმა ინსტანციამ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, დაადასტურა ის, რომ სწორი და სამართლიანი იყო „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე კი თამარ ხულორდავამ აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა ზედმიწევნით შესრულება, მაშინ, როცა ქვეყანა დემოკრატიის სტანდარტის დამკვიდრებას ცდილობს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო გაამტყუნა საქმეში ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ. ის ეხებოდა 2006 წლის მაისში, პოლიციის მიერ თბილისის კორტებთან ჩატარებულ ოპერაციას, რომლის დროსაც მოკლეს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი.

აკაკი ზოიძე რუსთავი 2-ის კოლექტივს: შეგიძლიათ ახალი ტელევიზია გააკეთოთ

აკაკი ზოიძე

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ამბობს, რომ „რუსთავი 2“ - ის კოლექტივს შეუძლია საქმიანობა ახალი ტელევიზიის სახითაც განაგრძოს:

„დღეს ახალი ტელევიზიის გახსნას არაფერი წინააღმდეგობა წინ არ აქვს. ეს იყო ქონებრივი დავა, სადაც არანაირი კავშირი ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლებასთან, ჩემი აზრით, პირადი აზრით, არა აქვს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. იგი ამბობს, რომ ისურვებდა რუსთავი 2 კრიტიკული დარჩეს და იყოს ისეთი, როგორც 2-3 წლის წინ, როდესაც „ისინი ასეთი მიკერძოვებულები არ იყვნენ“.

აკაკი ზოიძე აღნიშნავს, რომ ობიექტური ტელევიზიები და მედიასაშუალებები არის ხელისუფლების დაბალანსების საშუალება და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ.გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

მედიის დღე - დღეს აქცია პარლამენტის წინ მედიას დაეთმობა

ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის „სირცხვილიას“ ორგანიზატორები წერენ, რომ აქციის 29-ე დღეს ისინი მედიას უძღვნიან.

„29-ე დღეა, მედია ჩვენს პროტესტს აშუქებს. დღეს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობასა და ჩაურევლობას. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, პროტესტის 29-ე დღე დავუთმოთ მედიას, სპიკერები ისაუბრებენ დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიის არსებობის მნიშვნელობაზე ქვეყანაში“, - წერენ აქციის ორგანიზატორები.

20-21 ივნისის ღამით აქციის დაშლის დროს მედიის 38 წარმომადგენელი დაშავდა.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ოფიციალურად მოითხოვს რუსთავი 2-ის მფლობელის ცვლილებას

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი დაჩქარებული წესით მოითხოვს რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და ტელეკომპანიის მფლობელების ცვლილებას.

ადვოკატმა პაატა სალიამ საჯარო რეესტრს 13:56 საათზე მიმართა ოფიციალური განცხადებით. ის მოითხოვს შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პარტნიორისა და წილის ცვლილებას. განცხადება სალიამ მინდობილობისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანხლებით წარადგინა.

​ქიბარ ხალვაში აპირებს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თავისი ადვოკატით, პაატა სალიათი ჩაანაცვლოს.

"გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით. მის ნაცვლად კომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი ადვოკატი პაატა სალია", - ამბობს ხალვაში.

18 ივლისს ცნობილი გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. ევროსასამართლომ ვერ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას.

ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ს საკუთარი ნებით მხოლოდ თანამშრომლების სურვილით დატოვებს

ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი კონტრაქტი, რომლის მოქმედების ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდეა, თანამდებობიდან გათავისუფლების უმაღლეს გარანტიებს შეიცავს.

„მართალი გითხრათ, ჩემთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის ამ მედიის მფლობელი. ჩემი კონტრაქტი ჩემივე მოთხოვნით შეიცავს უმაღლეს გარანტიებს ჩემი განთავისუფლების. ეს კონტრაქტი აქვს საჯარო რეესტრსაც. ამ კონტრაქტში წერია, რომ ჩემი განთავისუფლება შესაძლებალია მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარღვევისთვის განსაზღვრული ძალიან სერიოზული გარანტია იქნება გადახდილი. ჩემი გათავისუფლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ამის შემდეგ“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“-ში გამართულ ბრიფინგზე.

გვარამიას თქმით, მისთვის მეორეხარისხოვანია რა დამოკიდებულება აქვს ამ კონტრაქტის მიმართ ქიბარ ხალვაშს. „ჩემი მუშაობის პერიოდში ქიბარ ხალვაში არ იყო დამფუძნებელი, ვინც იყვნენ დამფუძნებლები, მომცეს ეს გარანტია და ეს არის ლეგიტიმური კონტრაქტი. ამ კონტრაქტის ბათილობა მესაკუთრის შეცვლის გამო ვერ დადგება“ - ამბობს ნიკა გვარამია.

მისი განმარტებით, საკუთარი ნებით კონტრაქტზე უარს იტყვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას გადაწყვეტენ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები და თანამშრომლები.

„სხვა შემთხვევაში, ნიკა გვარამიას აქედან ვერც ქიბარ ხალვაში, ვერც ვინმე სხვა, კანონიერი გზებით ვერ გაუშვებს. ამ კონტრაქტზე დავა შეუძლებელია ქართულ სასამართლო სისტემაში, ამ კონტრაქტში არის დათქმა ლონდონის არბიტრაჟზე“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს დატოვებს მხოლოდ ნიკა გვარამია და გენერალურ დირექტორად დაინიშნება მისი ადვოკატი პაატა სალია.

ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2" ოფიციალურად გადაიფორმა

ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2" ოფიციალურად გადაიფორმა. ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში 18 ივლისს 15:17 საათზე აისახა.

რეესტრში მითითებულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 60%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40% შპს პანორამაზეა გაფორმებული, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე ხალვაში ფლობს.

რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად ჯერ-ჯერობით ნიკა გვარამია რჩება.

18 ივლისს ცნობილი გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. ევროსასამართლომ ვერ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას. რამდენიმე საათში ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ საჯარო რეესტრს მიმართა და "რუსთავი 2"-ის პარტნიორისა და წილის ცვლილება მოითხოვა. განცხადება სალიამ მინდობილობისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანხლებით წარადგინა.

საჯარო რეესტრში, აქამდე, "რუსთავი 2"-ის მეწილეებად მითითებული იყვნენ:

  • ლევან ყარამანიშვილი 22%
  • გიორგი ყარამანიშვილი 18%
  • შპს ტელეკომპანია საქართველო 51%
  • ნინო ნიჟარაძე 9%

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, რომ „დანაშაულებრივი მითვისება“ იქნება ტელევიზიის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირება მანამდე, ვიდრე ჯერ კიდევ არსებობს გასაჩივრების შანსი.

„ჩვენ შეგვიძლია გასაჩივრება ერთ შემთხვევაში, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი - ეს არის დასაშვებად ცნობა მოსამართლე ურთმელიძის, თოდუას და სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის და ცხადია, ჩვენ ვაპირებთ ამის გასაჩივრებას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე.

იმ შემთხვევაში, თუ დიდი პალატა მიიღებს „რუსთავი 2“-ის საჩივარს და ჩათვლის, რომ მოსამართლე ურთმელიძე იყო მიკერძოებული, გვარამიას შეფასებით, საქმე მთლიანად დაინგრევა.

„თუ ამ დროს ხალვაში უკანონოდ იქნება დარეგისტრირებული, საქმის შეტრიალება შეუძლებელი იქნება. ამიტომ, დღეს, ქიბარ ხალვაშის კანონსაწინააღმდეგო დარეგისტრირება იქნება საქართველოს კონსტიტუციის, ევროპული კონვენციის დარღვევა და თანამდებობრივი დანაშაულიც“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამია: შემთხვევით არ მაცვია „კამუფლაჟი“. ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ

„მე შემთხვევით არ მაცვია „კამუფლაჟი“. პირდაპირ გეუბნებით, სრულიად შეგნებულად ვაკეთებ განცხადებას, ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ“, - განაცხადა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე, სადაც რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.

ნიკა გვარამიას სიტყვებით, 2020 წელის 31 დეკემბრამდე ხელშეკრულების ამოწურვამდე, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ პოსტს მხოლოდ იმ შემთვევაში დატოვებს, თუ ამას რუსთავი 2-ის თანამშრომლები მოითხოვენ:

„რუსთავი 2-ის თანამშრომლებმა უნდა განსაზღვრონ მთავარი. მხოლოდ მათ გადაწყვეტილებას და დამოკიდებულებას, რომ ჯობია მე წავიდე, დავემორჩილები. სხვაგვარად, ჩემი გათავისუფლება, ამ ეტაპზე, შეუძლებელია. მაგრამ მათ ადამიანურ გადაწყვეტილება აუცილებლად დავემორჩილები, თუკი ისინი ასე ჩათვლიან საჭიროდ. ვიდე ეს გადაწყვეტილება მათ არ მიუღიათ და არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მანამდე მე არ ვაპირებ რუსთავი 2-ის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას. ქიბარ ხალვაშს საერთოდ არ განვიხილავ აქტორად. მე არ ვაპირებ ბიძინა ივანიშვილს უფლება მივცე ერთ დღეში გასრისოს ჩემი, ჩემი კოლექტივი, ჩემი უმაღლესი კვალიფიკაციის, დასავლურ ფასეულობებზე მომუშავე ჟურნალისტები და ყველა დანარჩენი თანამშრომელი“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

18 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

საქართველოს სასამართლო ინსტანციებმა "რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

ქიბარ ხალვაშის განცხადებით, რომელიც მან ცოტა ხნის წინ გაავრცელა, ტელეკომპანიაში ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს. და ეს ადამიანია ნიკა გვარამია: „ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით“.

გია ვოლსკი: დადასტურდა, რომ სასამართლოს თემაზე კითხვები არ არსებობს

გია ვოლსკი

„სტრასბურგის გადაწყვეტილება, სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის იქნებოდა ყველა შემთხვევაში მისაღები, როგორი ფინალიც არ უნდა ჰქონოდა ამ განხილვას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ. მისი შეფასებით, დადასტურდა ის, რომ მოსარჩელე მხარემ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლა და სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს:

კიდევ ისიც ხაზგასასმელია, რომ მოსამართლეთა რაოდენობიდან თუ შევადარებთ ციფრებს, წინააღმდეგი მხოლოდ ერთ ქეისში იყო, რომ ერთი მოსამართლე, რომელიც თავიდან ეს გადაწყვეტილება მიიღო შეჩერების თაობაზე, ის იყო წინააღმდეგი. დანარჩენი 6 მოსამართლე ემხრობა ყველა პუნქტს, რომელიც მიღებულ იქნა სტრასბურგის სასამართლოს მიერ. ანუ სახელმწიფოსა და „რუსთავი 2-ს“ შორის დავა პრაქტიკულად დამთავრდა იმითი, რომ სახელმწიფოს პოზიცია ყველა მუხლში იქნა მართებულად ცნობილი. ეს არის ფაქტი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ.გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG