Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფციის პრევენციის 16 რეკომენდაციიდან საქართველომ მხოლოდ 5 შეასრულა


კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებული 16 რეკომენდაციიდან ორი წლის განმავლობაში საქართველომ სრულყოფილად მხოლოდ 5 რეკომენდაცია შეასრულა, საერთოდ არ შეასრულა 3, ხოლო ნაწილობრივ შეასრულა 8 რეკომენდაცია. ამის შესახებ აღნიშნულია კორუფციის წინააღმდეგ ევროსაბჭოს სახელმწიფო ჯგუფის (GRECO) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. დოკუმენტი ქვეყნის მიერ 2016 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას ასახავს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თანახმად, (GRECO) -მ კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ევროსაბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობა სამი სხვადასხვა მიმართულებით შეისწავლა. ეს მიმართულებებია პარლამენტი, სასამართლო და პროკურატურა.

GRECO-ს მეოთხე რაუნდის შეფასების ანგარიშით განსაზღვრული 16-დან 1 რეკომენდაცია - ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმის გაუმჯობესება - ეხებოდა როგორც პარლამენტს, ასევე სასამართლოსა და პროკურატურას და ის შესრულებულად ჩაითვალა. დანარჩენი 15 რეკომენდაციიდან 3 ეხებოდა პარლამენტს.

პარლამენტის ნაწილში მიღებული 3 რეკომენდაციიდან სრულად შესრულებულად GRECO-მ არცერთი რეკომენდაცია არ ჩათვალა.

მიუხედავად იმისა, რომ GRECO-ს შეფასებით, პროგრესი სამივე რეკომენდაციის შესრულებაში დაფიქსირდა, მნიშვნელოვან ხარვეზად ჩაითვალა ის, რომ კანონმდებლობა არ არეგულირებს საკანონმდებლო პროცესში საჯარო კონსულტაციების გამართვის წესს, რის გამოც, პრაქტიკა არაერთგვაროვანია და ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი ან ცვლილება შესაძლოა, საზოგადოების მიერ მათი განხილვის გარეშე იქნეს მიღებული. პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით GRECO-მ აღნიშნა, რომ მხოლოდ კოდექსის მიღება ვერ უზრუნველყოფს პრაქტიკაში ეთიკის ნორმების დანერგვას და აუცილებელია მას თან ახლდეს შესაბამისი წესით მომზადებული განმარტებითი დოკუმენტი, ტრენინგები და კონფიდენციალური საკონსულტაციო მექანიზმი, რაც არ განხორციელებულა. რეკომენდაციების შეუსრულებლობის კიდევ ერთ მიზეზად ანგარიშში მითითებულია საკანონმდებლო ნორმების ბუნდოვანება პარლამენტის წევრის მიერ ინტერესთა კონფლიქტის ad hoc გაცხადების ვალდებულებასთან დაკავშირებით.

GRECO-ს შეფასების მეოთხე რაუნდის სასამართლო სისტემაში კორუფციის პრევენციისკენ მიმართული ექვსი რეკომენდაციიდან სრულად შესრულებულად ჩაითვალა ორი რეკომენდაცია, ერთი რეკომენდაცია შეუსრულებელი, ხოლო სამი რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულებულია.

კერძოდ, GRECO-მ სრულად შესრულებულად ჩათვალა რეკომენდაციები მოსამართლეთა გადაყვანასა და საქმეთა განაწილების ობიექტურობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ხოლო შეუსრულებლად ჩაითვალა რეკომენდაცია მოსამართლეთა აბსოლუტური იმუნიტეტის შეზღუდვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ნაწილობრივ შესრულებულ რეკომენდაციებს, GRECO-ს მიერ მათ შესრულებაში აღმოჩენილი ხარვეზები შემდეგ საკითხებს უკავშირდება: მოსამართლეთა დაწინაურების პროცესის ბუნდოვანება, რომელთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ზომები არ მიუღია; სამოსამართლო ეთიკის ნორმების განახლებისა და დანერგვის საჭიროება, რაც დღემდე არ განხორციელებულა; მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების ნათლად განსაზღვრისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის დისციპლინური პასუხიმგებლობის საკითხის უბრალო უმრავლესობით გადაწყვეტის საჭიროება (ნაცვლად 2/3-სა), აგრეთვე დისციპლინური წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

პროკურატურის სისტემაში კორუფციის პრევენციისკენ მიმართული ექვსი რეკომენდაციიდან სრულად შესრულებულად ჩაითვალა ორი რეკომენდაცია, ორი რეკომენდაცია შეუსრულებელი, ხოლო ორი - ნაწილობრივ შესრულებულია.

GRECO-ს მიერ პროკურატურის ნაწილში განსაზღვრული ექვსი რეკომენდაციიდან სრულად შესრულებულად ჩაითვალა პროკურატურის რეფორმის მონიტორინგთან დაკავშირებული ვალდებულება, რამდენადაც 2018 წელს ძალაში შესული საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ პროკურატურა გამოეყო აღმასრულებელ ხელისუფლებას და სრულად დამოუკიდებელი უწყება გახდა. სრულად შესრულებულად ჩაითვალა აგრეთვე რეკომენდაცია პროკურორებს შორის საქმეთა განაწილების, პროკურორისთვის საქმის ჩამორთმევის სისტემის დახვეწასა და მითითებების წერილობითი დასაბუთების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. რაც შეეხება შეუსრულებელ რეკომენდაციებს, შესრულების პროგრესი არ დაფიქსირდა ქონებრივი დეკლარაციების მარეგულირებელი ნორმების სუბიექტთა წრის გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნები დღემდე არ ვრცელდება ყველა პროკურორზე. შეუსრულებლად იქნა მიჩნეული აგრეთვე რეკომენდაცია დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების ნათლად ჩამოყალიბებასთან და სანქციების პროპორციულობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ნაწილობრივ შესრულებული ორი რეკომენდაციის დანერგვასთან დაკავშირებით GRECO-მ შემდეგი ხარვეზები დაადგინა: პროკურორების დანიშვნისა და დაწინაურების მარეგულირებელი ნორმები კვლავ საკმაოდ ბუნდოვანია და გენერალური პროკურორისთვის ზედმეტად დიდ დისკრეციულ უფლებამოსილებას ითვალისწინებს; პროკურატურის ეთიკის კოდექსის მიღების მიუხედავად, მათი პრაქტიკაში დანერგვის მიზნით განმარტებითი სახელმძღვანელოს მიღება არ მომხდარა.

GRECO-ს პროცედურების თანახმად, შემდგომი 18 თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები რეკომენდაციების სრულად დანერგვის მიზნით.

IDFI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უფრო აქტიურად ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და განახორციელოს GRECO-ს რეკომენდაციების შესრულებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG