Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია ოთო კახიძისა და სოფიო ვერძეულის ფეისბუკის სტატუსებს ეხმიანება


“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია განცხადებას ავრცელებს. ოპოზიციონერი ლიდერი საკუთარი გუნდის წევრის ოთარ კახიძისა და "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენლის სოფიო ვერძეულის მოსაზრებებს ეხმიანება, რომელიც 20 ივნისის ღამის მოვლენებს უკავშირდება.

„მსურს გამოვეხმაურო ოთო კახიძის მოსაზრებებს 20 ივნისის ღამის შესახებ, რომელიც სოფო ვერძეულის დასკვნის გამოქვეყნებას მოყვა. ვთვლი, რომ ოთომ ზუსტად დასვა ყველა აქცენტი.

1. კრიზისის განსამუხტად იმ დღესვე უნდა გადამდგარიყო პარლამენტის თავმჯდომარე;

2. პარლამენტში შეჭრის აღსაკვეთად, სპეცრაზმის მომიტინგეების პირისპირ, პარლამენტს გარეთ დაყენება გაუგებარი და გაუმართლებელია. სპეცრაზმი უნდა მდგარიყო ალაყაფს შიგნით და დაეკავებინათ ყველა, ვინც შეჭრას შეეცდებოდა;

3. რა თქმა უნდა, მომიტინგეები უნდა გაეფრთხილებინათ მკაფიოდ და გარკვევით ადგილზე, თუ ძალადობრივად შლიდნენ აქციას;

4. პრინციპულად არასწორია ქალბატონი ვერძეულის შეფასება, რომ რამდენიმე ათეული პირის ძალადობრივი ქმედება, ათიათასკაციან მიტინგს აქცევდა ძალადობრივად;

5. ის, რომ გამოყენებული ძალა დანაშაულებრივად დისპროპორციული იყო, ამაზე სრული კონსენსუსია“,- წერს გიგა ბოკერია.

ოპოზიციონერი ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ წაყენებულ ბრალდებებსაც ეხმიანება და წერს, რომ მის მიმართ არსებული ბრალდებები სამართლებრივად აბსურდს, ხოლო პოლიტიკურად უტიფრობას წარმოადგენს. ამასთან ბოკერია აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო, რაც ივანიშვილს პროპაგანდას უადვილებს: “ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს. ან არ შეეგუოს და აწარმოოს ამაზე დისკუსია.

ჩვენი საზოგადოების მთავარი სამიზნე არის ივანიშვილის ხელისუფლება, მინისტრი გახარია უნდა გადადგეს არჩევნებამდე, ივანიშვილის ხელისუფლება მთლიანად, კი უნდა დავამარცხოთ შემდეგ პროპორციულ არჩევნებში“,- წერს გიგა ბოკერია.

12 ივლისს, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა სოფიო ვერძეულმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი 20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც ის წერს, „20 ივნისის ღამემ ქვეყანაში ახალი მსხვერპლები და უმძიმესი ისტორიები შექმნა და . შინაგან საქმეთა მინისტრს, დღეს თუ არა ხვალ, მოუწევს პასუხისმგებლობის აღება აქციის დაშლის მძიმე შედეგებზე“.

თუმცა, სოფიო ვერძეული ამასთანავე აღნიშნავს იმასაც, რომ "აქცია დაახლოებით 10 საათიდან გახდა ძალადობრივი და ამას არ სჭირდება უკლებლივ ყველა დემონსტრანტის ჩართვა კრიმინალურ ქმედებებში. დემონსტრანტთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, 10 საათიდან 12 საათამდე მონაკვეთში, პრაქტიკულად უწყვეტად, ფიზიკურად უტევდა პოლიციას, ართმევდა აღჭურვილობას, იტაცებდა კორდონიდან პოლიციელებს“.

გარდა ამისა, სოფიო ვერძეული წერს, რომ პოლიტიკოსების ნაწილის როლი 20 ივნისის აქციაზე იყო დესტრუქციული, უპასუხისმგებლო და სამარცხვინო.

სოფიო ვერძეულის მოსაზრებამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უკმაყოფილება გამოიწვია, მათ შორის იყო, „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთო კახიძე, რომელიც ასევე სოციალური ქსელით გამოეხმაურა სოფიო ვერძეულის პოსტს და ჩამოთვლის იმ შეცდომებს, რომელიც ხელისუფლებამ, პოლიციამ და ოპოზიციამ 20 ივნისის ღამეს დაუშვა.

20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას, 240-მდე ადამიანი დაშავდა. მათ შორის ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG