Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპს რასიზმში ადანაშაულებენ კონგრესის დემოკრატი ქალი წევრების საწინააღმდეგო განცხადების გამო


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რასიზმში დაადანაშაულეს მას მერე, რაც ტვიტერით გაავრცელა განცხადება, სადაც ის კონგრესის დემოკრატ ქალ წევრებს თავს ესხმის. ტრამპი 14 ივლისს წერდა, რომ ეს ქალები „იმ ქვეყნებიდან არიან, რომელთა მთავრობები სრულ და მთლიან კატასტროფას წარმოადგენენ“ და მათ „უკან დაბრუნებას“ სთავაზობდა.

ტრამპი გულისხმობდა წარმომადგენელთა პალატის ოთხ წევრ ქალს, რომლებიც პირველად არიან კონგრესის წევრები. სამი მათგანი, ალექსანდრია ოკასიო-კორტესი, რაშიდა თლაიბი და აიანა პრესლი აშშ-ში დაიბადა და გაიზარდა. მეოთხე, ილჰან ომარი, ლტოლვილი იყო და ამერიკაში 12 წლისა მოხვდა. კასიო-კორტესი ბრონქსში, ნიუ-იორკში დაიბადა, მაშინ როცა ტრამპიც ნიუ-იორკელია, კვინსელი.

ტრამპი წერდა: „საინტერესოა კონგრესის „პროგრესული“ დემოკრატი ქალი წევრების ნახვა, რომლებიც ისეთი ქვეყნებიდან არიან, რომელთა მთავრობები სრულ და მთლიან კატასტროფას წარმოადგენენ, ყველაზე ცუდი, ყველაზე კორუმპირებელი და ყველაზე უუნარო მთავრობები არიან მსოფლიოში (თუ საერთოდ აქვთ მთავრობა). ახლა ისინი ხმამაღლა და ბოროტად ეუბნებიან ამერიკელ ხალხს, ყველაზე ძლევამოსილ ერს დედამიწაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენმა მთავრობამ“, - დაწერა ტრამპმა.

ოკასიო-კორტესმა განაცხადა, რომ ტრამპს „არ შეუძლია წარმოიდგინოს ამერიკა, რომელიც ჩვენს მოგვიცავს“.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა ტრამპის განცხადება რასისტულად შეაფასეს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა დემოკრატმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ „ტრამპს სურს „ამერიკა კვლავ თეთრი გახდეს“. ჩვენი მრავალფეროვნებაა ჩვენი სიძლიერე და ჩვენი ერთობა ჩვენი ძალა, დასძინა პელოსიმ.

XS
SM
MD
LG