Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ 4 პირი დააკავეს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით


შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის კიდევ 4 პირი დააკავა, - ამის შესახებ განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ, 15 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ბრიფინგზე.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, - აცხადებს შს სამინისტრო.

კერძოდ, დაკავებულები არიან:

  • 1992 წელს დაბადებული კ.ღ. – „გამოირჩეოდა პოლიციელების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით და ცდილობდა მათთვის ფარის წართმევას. ასევე, მან ერთ-ერთი სამართალდამცველი კორდონიდან ხალხის მასაში გაათრია“;
  • 1979 წელს დაბადებული ვ.გ. – „ფიზიკურად და სიტყვიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცველებს და აგრესიულად ცდილობდა პარლამენტის ტერიტორიაზე შეჭრას. მან სოციალურ ქსელში განათავსა 20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან გადაღებული ვიდეო, სადაც ხალხს საგნების სროლით, პოლიციის კორდონზე შტურმისკენ მოუწოდებს და სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს“;
  • 1996 წელს დაბადებული ი.მ. – „სამართალდამცველს რეზინის ხელკეტს ურტყამდა და შეკრებილებს პოლიციელებზე თავდასხმისკენ მოუწოდებდა“;
  • 1997 წელს დაბადებული მ. ფ. - „იგი მოქმედებდა განსაკუთრებული აგრესიით, პოლიციელებს ართმევდა დამცავ ფარებს და ფიზიკურ შეტევას ახორციელებდა მათზე“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით“ და „აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დღეის მდგომარეობით, პასუხისგებაშია მიცემული 9 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში“.

უწყება აცხადებს, რომ ინტენსიურად გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესი და „მტკიცებულებების მოპოვებისთანავე გაგრძელდება ქმედებებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG