საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს დღეს, 16 ივლისს ოფიციალურად წაუყენებენ ბრალს ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის.
გენერალურმა პროკურატურამ შსს-ს თანამშრომელი 15 ივლისს დააკავა, საქართველოს პარლამენტთან 20-21 ივნისს გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე.
პროკურატურის ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულ პირზე. ბრალდების მხარე აპირებს სასამართლოს მიმართოს დაკავებულისთვის აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.
დღესვე ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ შსს-ს მიერ 15 ივლისს დაკავებულ 4 პირსაც. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტთან განვითარებული მოვლენებისას, ეს პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.
20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-ს მიერ ამ ეტაპზე პასუხისგებაშია მიცემული 9 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი ნიკა მელია.
დაწერეთ კომენტარი