Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია იუსტიციის საბჭოს და პარლამენტს მიმართავს


40 არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ჩრდილს აყენებს კანდიდატთა შერჩევის პროცესს და ხელს უშლის მის გამჭვირვალედ და ლეგიტიმურად წარმართვას.

კოალიციის განცხადებაში პირველ პრობლემად დასახელებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ინტერესთა კონფლიქტი.

კოალიციის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაშია ზურაბ აზნაურაშვილი, რომელიც იუსტიციის საბჭოს წევრის, თამარ ონიანის მაზლია, ერთ-ერთი კანდიდატი, მოქმედი მოსამართლე ლევან თევზაძე კი იუსტიციის საბჭოს წევრის ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა. კოალიციის განმარტებით, მიუხედავად ცალსახა ინტერესთა კონფლიქტისა, მათ კანონის შესაბამისად წინასწარ არ განაცხადეს ამის შესახებ, არ ჩამოცილდნენ პროცესს და მონაწილეობა მიიღეს პირველ ფარულ კენჭისყრაში, რომლის შედეგად შედგა კანდიდატთა პირველი გადარჩევა და 137 კანდიდატიდან მეორე ეტაპზე გადავიდა 50 კანდიდატი. სიაში მოხვდნენ აზნაურაშვილი და თევზაძეც.

კოალიციის განცხადებითვე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობას იღებს საბჭოს არამოსამართლე წევრი ზაზა ხარებავა. არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზაზა ხარებავას არჩევისას, მისი კანდიდატურა პარლამენტს არაუფლებამოსილმა სუბიექტმა წარუდგინა, რაც პარლამენტის რეგლამენტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის არსებით დარღვევას და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის აშკარა წინაპირობას წარმოადგენს. კოალიციამ ზაზა ხარებავას არჩევის კანონიერების საკითხის შესწავლის მიზნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს 2019 წლის 14 მაისს მიმართა, თუმცა საკითხის მნიშვნელობის მიუხედავად პარლამენტს ამ საკითხზე არ უმსჯელია.

კოალიცია ასევე, აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატია იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძეც და მიუხედავად იმისა, რომ პროცედურის ფარგლებში საბჭოს სხდომებს არ თავმჯდომარეობს, რჩება იუსტიციის საბჭოს მდივნის თანამდებობაზე და შესაბამისად, ხელმძღვანელობს იუსტიციის საბჭოს აპარატს. კოალიცია ხაზს უსვამს, რომ სწორედ აპარატია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ პირთა შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და გადამოწმებაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული. შესაბამისად, გიორგი მიქაუტაძეს რჩება ბერკეტი, ზეგავლენა მოახდინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ პროცედურაზე.

კოალიციის განცხადებითვე, 2019 წლის 20 ივნისს საბჭომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის შემდეგ ეტაპზე კანდიდატთა გადაყვანის მიზნით პირველი ფარული კენჭისყრა ჩაატარა. პროცესზე დაკვირვებამ გამოავლინა კენჭისყრის ბიულეტენები, რომელიც შემოხაზული იყო ერთნაირი სქემით და დამთხვევების ძალიან მაღალი ხარისხით. კოალიციის შეფასებით, ცალსახაა, რომ თუ საბჭოს თითოეული წევრი ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად და წინასწარი კომუნიკაციის (შეთანხმების) გარეშე მისცემდნენ ხმას სასურველ 20 კანდიდატს, კენჭისყრის ფარულობის გათვალისწინებით, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა მათ მიერ შერჩეული კანდიდატების ასეთი ზუსტი დამთხვევა.

კოალიციის განცხადებითვე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ საბჭომ მხოლოდ მას მერე მიიღო გადაწყვეტილება, რაც 2019 წლის 12 ივლისს საბჭოს სხდომაზე საქართველოს სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელთა პრინციპული პოზიციები მოისმინა ინფორმაციის გასაჯაროების მნიშვნელობის შესახებ.

კოალიცია მოუწოდებს:

- იუსტიციის უმაღლეს საბჭოს: კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპზე უზრუნველყოს პროცესის სრული გამჭვირვალობა, კანდიდატებთან გასაუბრებას დაეთმოს გონივრული დრო და საბჭოს წევრებმა დასვან ყველა ის შეკითხვა, რომელიც საზოგადოებას საშუალებას მისცემს მიიღონ სათანადო ინფორმაცია კანდიდატის წარსულის, მისი პროფესიული გამოცდილების, ღირებულებებისა და ფასეულობების შესახებ;

- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს: ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, უარი თქვას საბჭოს მდივნის მოვალეობების შესრულებაზე ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანიდიდატობაზე;

- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს თამარ ონიანს და ირაკლი შენგელიას: არ მიიღონ მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურებში;

- საქართველოს პარლამენტს: დროულად განიხილოს საბჭოს არამოსამართლე წევრის, ზაზა ხარებავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი;

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG