Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი: რუსული ბაზრის ჩანაცვლება ძნელია საქართველოსთვის


უცოდინარი და უმეცარია ის, ვინც რუსეთის ბაზრის უკრაინული და ევროპული ბაზრებით ჩანაცვლებაზე ლაპარაკობს, - უთხრა ჟურნალისტებს ბათუმში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.

„ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსეთის ბაზარი არ გვჭირდება და აგერ არის უკრაინისა და ევროპის ბაზარი, ისინი აბსოლუტურად უცოდინრები, უმეცრები არიან... რუსული ბაზრისთვის თვითონ ევროპელებიც, თუ მიაქცევთ ყურადღებას... როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე დამკვიდრებას, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, ყველაფერი ცხადია...

რუსული ბაზრის ჩანაცვლება არ არის იოლი არავისთვის, ევროპელებისთვის და მით უმეტეს არ არის იოლი ჩვენთვის, ელემენტარული მიზეზის გამო - პროდუქციის შეტანა და მასზე მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა არ არის მარტივი პროცესი, ამას სჭირდება წლები... ჩვენი პროდუქცია უკვე ცნობილია რუსეთში, ძალიან კარგად იციან და მას ჰყავს მომხმარებელი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ის „ქვეყნის მტერს“ უწოდებს ყველას, ვინც რუსეთის ბაზრის დაკეტვაზე და რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტაზე ლაპარაკობს. მისი თქმით, რუსეთის ბაზრის დაკეტვის შემდეგ, მოხდა დივერსიფიკაცია წლების განმავლობაში და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რუსეთთან ვაჭრობასა და ტურიზმს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობად განიხილავს.

„ის, რომ საქართველოში ტურისტი შემოდის, სწორედაც რომ - რუსი... ის, რომ სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს და უნდა გვქონდეს, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ მოვახერხოთ და პოლიტიკოსების მიერ დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ. სახალხო დიპლომატიაა, რასაც ტურიზმი აკეთებს... ვაჭრობა აუცილებელია. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, ტერიტორიული მთლიანობაც აღვადგინოთ და ნორმალური ურთიერთობა დავამყაროთ ჩვენს სამეზობლოსთან“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის და სწორედ ამ პოლიტიკური ძალის მიზანია, რომ რუსი ტურისტის ნაცვლად საქართველოში რუსი ჯარისკაცი შემოვიდეს.

„...იმ ძირითად პრობლემას, რასაც ჰქვია ოკუპაცია, რაშიც ისევ ლომის წვლილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აქვთ... მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსის ჯარს... დღესაც ეს უნდათ - ტურისტი კი არ უნდა შემოვიდეს, რუსი ჯარისკაცი უნდა შემოვიდეს, ამას აკეთებენ... ამისთვის აკეთებენ ყველაფერს. იმ ოკუპაციაშიც, რომ არა ამათი დაუდევრობა, ამათი ღალატი, ამათი ქცევა, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა საქართველოში 2008 წელს. არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსეთის ჯარის შემოსვლას საქართველოში. ამას არანაირი გამართლება არა აქვს. ჩვენ ყველანი „ქართული ოცნებიდან ვიყენებთ ტერმინს, რომ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

17 ივლისს ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრაში, რომელიც ბათუმში გაიმართა.

შეხვედრაზე სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი მმართველი გუნდის პოლიტსაბჭო, ასევე აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და უმაღლესი საბჭოს წევრები. შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა.

XS
SM
MD
LG