ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები სარმატ გაბარაევი და ანდრეი კაბისოვი.“ ერთი მათგანი დაჭრილია.
სააგენტო „რესი“ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ ნანიევზე დაყრდნობით წერს, რომ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის "ცხელი ხაზის" მეშვეობით მიიღეს.
გაბარაევი და კაბისოვი ოკუპირებული რეგიონიდან გადავიდნენ თბილისის მიერ კონტროლირებულ სოფელ ერგნეთში, სადაც 17 ივლისს დააკავეს ქართველმა სამართალდამცავებმა.
ნანიევმა „რესს“ განუცხადა, რომ წყდება საკითხი დაკავებულების ოსური მხარისთვის დაუყოვნებლივ გადაცემის შესახებ. გაბარაევის და კაბისოვის გადაცემას ოსური მხარე ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების დღევანდელ შეხვედრაზე მოითხოვს.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მის თანამშრომლებზე თავდასხმისთვის ძებნილ, ადრე ნასამართლევ გაბარაევს და კაბისოვს სამართალდამცავებმა 16 ივლისს მიაკვლიეს ცხინვალის რაიონის სოფელ ზალდაში, სადაც ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების სახლში იმალებოდნენ. დე ფაქტო შსს-ს ცნობითვე, მის თანამშრომლებს გაბარაევმა და კაბისოვმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. ამავე წყაროს ინფორმაციით, მძიმედ დაიჭრა ორი სამართალდამცავი და ერთი თავდამსხმელი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი პირის დაკავებას ადასტურებს. მისი ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით - ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.