Accessibility links

site logo site logo

თაკო ჩარკვიანი: „რუსთავი 2“-მა დარტყმა მიიღო, მაგრამ ბრძოლა ახლა იწყება


საქართველოს დამოუკიდებლობას შეექმნა საფრთხე, დარტყმა მიიღო „რუსთავი 2“-მა, - განაცხადა პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა, 19 ივლისს, პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე, პარლამენტის შენობის წინ.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანა გაუმართლებელია, თუმცა მიღებული შედეგი ზუსტად შეესაბამება ბიძინა ივანიშვილის მესიჯებს.

„არ შეგვაქვს ეჭვი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში... ძალიან რთულად დასაჯერებელია დემოკრატიული ქვეყნებისთვის, რომ ჩვენთან ქვის ხანაა სასამართლოს თვალსაზრისით... ამიტომ არ მიკვირს, რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, რთულია გააცნობიერონ დემოკრატიულ ქვეყნებში, რომ ჩვენთან სასამართლო საერთოდ აღარ არსებობს...

გახსოვთ, რამოდენიმე ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა - გამორთეთ „რუსთავი 2“ და ყველაფერი კარგად იქნებაო, ეს იყო მესიჯი... გამორთეთ „რუსთავი 2“ და თქვენს მაცივრებში გაჩნდება საკვები; გამორთეთ „რუსთავი 2“, თქვენ აღარ გექნებათ ინფორმაცია და თქვენ ისე იქცევით რუსეთის გუბერნიად, ვერც გაიგებთ... აი, ეს იყო მესიჯი და მან ეს განახორციელა...

დიახ, საქართველოს დამოუკიდებლობას შეექმნა დღეს საფრთხე - „რუსთავი 2“, ვინაიდან ფლაგმანი იყო სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, ასეთი დარტყმა მიიღო მან“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, შესაძლებელია „რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და სიტყვის თავისუფლების გადარჩენა და ამისთვის ძალიან ბევრი ადამიანია მზად.

„რუსთავი 2“ არ ერქმევა, ერქმევა „რუსთავი 3“... სულ რაღაც თვე დასჭირდება საველე პირობებს და ერთ თვეში აღდგება ეს ყველაფერი. ადამიანები გვიკავშირდებიან და ანგარიშს გვთხოვენ... ალბათ, ფეისბუკშიც შეამჩნევდით, რომ ადამიანები ანგარიშს ითხოვენ და კითხულობენ - სად ჩავრიცხოთ თანხა?

გამოჩნდნენ ბიზნესით დაკავებული ადამიანები, რომლებიც ინკოგნიტოდ კი არა, თამამად აპირებენ თანხის ჩარიცხვას და ყველაფერი მოწესრიგებული იქნება... ასე რომ - ბრძოლა ახლა იწყება, რომ ეს ოლიგარქი, რომელი დიდ ზიანს აყენებს საქართველოს დამოუკიდებლობას, სასწრაფოდ მოვაცილოთ“ , - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე.

18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, დაჩქარებული ტემპებით მოხდა გადაწყვეტილებების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. თავდაპირველად მოხდა „რუსთავი 2“-ის ახალი მესაკუთრის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირება. შემდეგ კი, მისი გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე, ნიკა გვარამია ადვოკატმა პაატა სალიამ ჩაანაცვლა.

საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

შესაბამისად, ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG