Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20-21 ივნისის აქციის სამ მონაწილეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ


20-21 ივნისის საპროტესტო აქციის მონაწილეებს - სოსო ბაჯელიძეს, ცოტნე ცოტნიაშვილსა და ლევან ჯიქურს - საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. სამივე ბრალდებულის პროცესი 19 ივლისს გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო IPN ავრცელებს.

IPN-ის ცნობით, ლევან ჯიქურის პროცესი ღუდუშაურის კლინიკაში გაიმართა და ამ დროს ბრალდებული შეუძლოდ გახდა.

სააგენტო ავრცელებს პროკურორის განცხადებასაც, რომლის თანახმად, ჯიქურის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას შეეცადა.

"არაფერი განსაკუთრებული ბრალდებულს არ დამართნია, ჩვეულებრივად გრძნობდა თავს. უბრალოდ, ადვოკატი აცხადებდა, რომ ბრალდებული შეუძლოდ გრძნობდა თავს. თვითონაც პერიოდულად აცხადებდა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. თუმცა, სხდომაზე აღნიშნული არ განუცხადებია. გონება არ დაუკარგავს, ჩვეულებრივად მიმდინარეობდა სხდომა”, - თქვა პროკურორმა.

IPN, ასევე, ავრცელებს 24 წლის ბრალდებულის, სოსო ბაჯელიძის სიტყვებს, რომლებიც მან პროცესზე თქვა:

"პატივცემულო მოსამართლევ, მე გახლავართ ბათუმის საზღვაო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი. 20 ივნისის აქციაზე ვიმყოფებოდი ჩემი ქვეყნის სიყვარულის გამო, აქციაზე მონაწილეობისას ჩემდაუნებურად წინა რიგებში მოვხვდი, რა დროსაც ნიკა მელია მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს მშვიდობიანად შესულიყვნენ პარლამენტში. სპეცრაზმელმა გამოიყენა ფარი, რომელიც ჩამარტყა ხელში. 1 თვეა გასული და ახლაც მტკივა, გამწარებული ვცდილობდი ფარი და ჩაფხუტი წამერთმია."

სააგენტოს ინფორმაციით, მოსამართლის კითხვაზე, თუ რითი შეძლებდა გირაოს თანხის გადახდას, ბრალდებულმა უპასუხა, რომ აქვს საცხოვრებელი სახლი და ასევე თხილიდან შემოსავალი.

20-21 ივნისის საქმეზე საპროტესტო აქციის 11 მონაწილეა დაკავებული. გამოძიება მიმდინარეობს 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG