Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პაციენტს თბილისში სიცოცხლე შეუნარჩუნეს


ახალგორის რაიონში, ქართველმა და ოსმა ექიმებმა შეთანხმებული თანამშრომლობის შედეგად ადგილობრივი მცხოვრების სიცოცხლე გადაარჩინეს.

როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი იტყობინება, ახლა ადგილზე ბევრს გაუჩნდა იმედი, რომ ასეთი ოპერატიულობა ნორმად იქცევა და კრიტიკული პაციენტები აღარ დაიღუპებიან საოკუპაციო გამყოფ ხაზზე ბიუროკრატიული დაბრკოლებების გამო.

45 წლის ალბერტ კოდალაევს ახალგორის რაიონულ საავადმყოფოში პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომაროების გათვალისწინებით მისი თბილისში გადაყვანა გადაწყდა.

გაირკვა, რომ პაცინეტს არც საშვი ჰქონდა და არც ქართული პასპორტი. მას მხოლოდ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტი ჰქონდა, რომელიც მისმა მეზობლებმა კოდალაევის სახლში ვერ იპოვეს. პრობლემა მოგვარდა.დე ფაქტო ხელისუფლებისა და ქართული მხარის შეთანხმების საფუძველზე. მათ პაციენტის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ნებართვა გასცეს.

ახალგორის საავადმყოფოს ექიმ-ნევროპათოლოგი ჯემალ ბედოევი ამბობს:

„ამ ამბის ყველა მონაწილემ კარგად იმუშავა. მას არ ჰქონდა ქართული საბუთები, მაგრამ ის მაინც მიიღეს. ახლა მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება, რომ დაბრუნდება რეაბილიტაციის კურსს ჩავუტარებთ.“

სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის თქმით, დიდი ხანია არ უნახავს ასეთი შეთანხმებული მუშაობა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

„ოთხი წლის წინ, ასეთივე გარემოებებში გარდაიცვალა ამ ბიჭის მამა. ის საზღვარზე გაატარეს, მაგრამ დაგვიანებით. დიდხანს იღებდნენ გადაწყვეტილებას. როგორც მაშინ თბილისელმა ექიმებმა თქვეს, ის ძალიან გვიან მიიყვანეს და მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო. მესაზღვრეები არ აჭიანურებენ პროცესს და უარს არ ამბობენ, ყველაფერი იწელება რაიონის ხელმძღვანელობის დონეზე.“

თამარ მეარაყიშვილი იმედოვნებს, რომ ეს შემთხვევა წესად იქცევა და ადამიანები აღარ დაიტანჯებიან ჩინოვნიკების მოუქნელობის გამო.

XS
SM
MD
LG