Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისიდან ბაქოში - სად შეძლებს გაერთიანებას სუსლიაკების ოჯახი?


იულია სუსლიაკი
იულია სუსლიაკი

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი, რომელიც 19 ივლისს გათავისუფლდა პატიმრობიდან, საქართველოში შემოსვლას კვლავ ვერ ახერხებს. იულია სუსლიაკის ადვოკატის ზურაბ თოდუას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დროისათვის იმყოფება ბაქოში, სადაც ორი დღით დასვენების მიზნით გაემგზავრა, თუმცა უკან, თბილისში დაბრუნება ვეღარ შეძლო.

იულია სუსლიაკს აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლება 21 ივლისს არ მისცეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამის მიზეზი გახდა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობს იულია სუსლიაკის სამოგზაურო დაზღვევის არქონას, არასაკმარის ფინანსურ რესურსებს და არაზუსტ ინფორმაციას მგზავრობის მიზნების შესახებ.ადვოკატის განმარტებით, ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებთან ერთად დასახელებულია ასევე უსაფრთხოების მოტივიც.

ზურაბ თოდუა
ზურაბ თოდუა

​ ზურაბ თოდუა იულია სუსლიაკისთვის საქართველოში შემოსვლის უფლების შეზღუდვის ფაქტის გასაჩივრებას სამართლებრივი გზით აპირებს. იგი ამბობს, რომ თბილისში მისი დაცვის ქვეშ მყოფი დიდხანს დაყოვნებას არ აპირებდა და 22 ივლისს საღამოს სოხუმში ჩასვლას გეგმავდა. ზურაბ თოდუა ფიქრობს, რომ ამისთვის საკმარისი იქნებოდა მისი პირადი კავშირები, კერძოდ ადვოკატის სტუდენტობისდროინდელი მეგობრობა ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან. ზურაბ თოდუას თანახმად, სწორედ აქ იმედოვნებდა ამ ეტაპზე გაერთიანებას სუსლიაკების ოჯახი. 22 ივლისს ნაშუადღევს იულია სუსლიაკი ზურაბ თოდუასთან ერთად პრესკონფერენციის გამართვას გეგმავდა. პრესკონფერენცია იულია სუსლიაკის გარეშე მაინც შედგა.

რის თქმას აპირებდა იულია სუსლიაკი პრესკონფერენციაზე

ადვოკატ ზურაბ თოდუას თანახმად, 22 ივლისს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი აპირებდა საზოგადეობისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მასზე განხორცელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, რომლის მიზანიც, ზურაბ თოდუას აზრით, დანაშაულის აღიარება იყო. ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალისგან აღიარებითი ჩვენების მიღებისთვის პროკურატურის მიერ შექმნილ დისკომფორტსა და გადადგმულ ნაბიჯებს, ზურაბ თოდუა სამ ძირითად პუნქტში აქცევს:

  • საპატიმროში განთავსებიდან მალე მას შეუსახლეს ქალი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა
  • სატელეფონო ზარი განახორციელეს იულიას მეუღლესთან, იური სუსლიაკთან, რათა ქალი საპროცესო შეთანხმებას დათანხმებოდა
  • საპროცესო შეთანხმების არსი მას ისე მიაწოდეს, თითქოს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ არც ერთი სამართალდამცავის მიმართ არ ექნებოდა პრეტენზია.

    ამ გზით, ადვოკატის აზრით, პროკურატურა იულია სუსლიაკისგან მისთვის სასარგებლო ჩვენების მიღებას ცდილობდა.ზურაბ თოდუა ფიქრობს, რომ პროკურატურამ ერთგვარი სპექტაკლი გაათამაშა იულია სუსლიაკის პატიმრობიდან გათავისუფლებითაც.

ადვოკატის განმარტებით, 19 ივლისს საღამოს ბრალდებას ეწურებოდა დაცვის მხარისთვის იმ მტკიცებულებების გადაცემის ვადა, რომლითაც პროკურატურა ასაბუთებდა, რომ იულია სუსლიაკი ბავშვების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული. „ამისთვის თეა გიორგაძემ და მარიამ გოგორელიანმა მოიფიქრეს ასეთი რამ: რადგან უკრაინის სახელმწიფომ მთლიანი მასალა არ მოგვაწოდა, რადგან მოწმეთა უმრავლესობა უკრაინაშია და მტკიცებულებების დიდი ნაწილი უკრაინაშია, სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩასატარებლად საქმე გადაეცეს უკრაინის პროკურატურას“, - განაცხადა ზურაბ თოდუამ, რომელიც დარწმუნებულია, რომ განცხადების მიუხედავად, საქართველოს მხარეს უკრაინულისთვის საქმის მასალები არ გადაუგზავნია.

მისივე აზრით, იულია სუსლიაკს უკრაინაში გამგზავრების შემთხვევაში აეროპორტშივე დააკავებდნენ და გადაიფარებოდა ქართველი პროკურორების მიერ ჩადენილი დანაშაული. „სწორედ ამიტომ არ წავიდა უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი კიევში“, - აღნიშნავს ზურაბ თოდუა, რომელიც ამტკიცებს რომ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით სამართლებრივი დევნა სუსლიაკების ოჯახის წევრების მიმართ არ მიმდინარეობს.

​იულია სუსლიაკის პატიმრობიდან გათავისუფლებიდან გასული რამდენიმე დღის განმავლობაში კი მთავარმა პროკურატურამ ორჯერ განმარტა, რომ იულია სუსლიაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები აღარ არსებობდა მას შემდეგ, რაც საქმის მასალები უკრაინულ მხარეს გადაეცა.

იკვეთება თუ არა არასათანადო მოპყრობა არასრულწლოვნების მიმართ

სუსლიაკების საქმე, დაცვის მხარის თანახმად, კიდევ ერთი მიმართულებით, კერძოდ ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობის თვალსაზრისით უნდა გახდეს სამართალდამცავებისა და ბავშვთა უფლებების დამცველების ყურადღების საგანი. ადვოკატი ზურაბ თოდუა ასაჯაროებს მიმდინარე წლის 25 აპრილს ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოში მოთავსებული ბავშვებისადმი მედპერსონალის მოპყრობის კადრებს.

​ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი მოსკოვიდან საქართველოში 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა 10 ბავშვით და აპირებდა გადასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც მისი მეუღლე იმყოფება. გამოძიება მის წინააღმდეგ არასრულწლოვანით ვაჭრობის ფაქტზე დაიწყო. ექსპერტიზით დადგინდა, რომ 10-ვე ბავშვი იური სუსლიაკის შვილია, მათგან ოთხი იური და იულია სუსლიაკების ბიოლოგიური შვილია, 6 კი სუროგაციის გზით გაჩნდა. ბავშვები უკრაინაში გასამგზავრებლად პრეზიდენტმა ზელენსკიმ სპეციალური თვითმფრინავი გამოყო. მათ საქართველო 7 ივნისს დატოვეს. იულია სუსლიაკმა პატიმრობაში 3 თვე გაატარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG