Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის პრემიერმა პარტია „ლიგა“ და შინაგან საქმეთა მინისტრი დაიცვა „Russiagate"-ის სკანდალის საქმეში


იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ უარყო, რომ მისი მთავრობა რუსეთის გავლენის ქვეშ იყო. კონტე სენატში პასუხობდა მმართველი ულტრამემარჯვენე პარტია „ლიგის“ თაობაზე ბრალდებებს.

24 ივლისს​ კონტემ განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებით, „ჩვენი პოზიცია იყო თანმიმდევრული, გონივრული და არასოდეს ყოფილა განპირობებული ხელის შემშლელი ფაქტორებით, რომლებსაც ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გადახრა შეიძლებოდა გამოეწვია“.

კონტეს პასუხები უკავშირდებოდა მედიის ინფორმაციას, რომ „ლიგასთან“ დაახლოებულმა პირმა სცადა, მილიონობით დოლარი გადაეტანა რუსეთის უკანონო ფონდებში. ამ საქმეს პრესამ „Russiagate“ შეარქვა.
"ლიგის" თავმჯდომარემ მატეო სალვინიმ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს განაგებს, 10 ივლისს უარყო ცნობები, რომ მისი ახლო მრჩეველი რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა სანავთობო სფეროში. მან უარი თქვა პარლამენტში მისვლაზე ამ საქმის თაობაზე განმარტების მისაცემად.

კონტემ დაიცვა სალვინიც და თქვა, რომ „არ არსებობს ელემენტი, რომელიც მინისტრების მიმართ ჩემს ნდობას შეარყევდაო“.

ამერიკულმა საინტერნეტო გამოცემა BuzzFeed-მა მიიღო მოსკოვში შარშან 18 ოქტომბერს შემდგარი საუბრის 75-წუთიანი აუდიოჩანაწერი. მასზე აღნუსხულია სალვინის ახლო მრჩევლის, ჯიანლუკა სავოინის და სამი უცნობი რუსის მოლაპარაკება.

გამოცემის თანახმად, საუბარი შეეხება შესაძლო შეთანხმებას რუსეთის კომპანიასთან, რომლიც ყიდის ერთ-ნახევარი მილიარდი დოლარის საფასურის ნავთობს ფასდაკლებით, რაც "ლიგას" გაყიდვისას მოგების შესაძლებლობას მისცემდა. BuzzFeed იტყობინება, რომ არაა ცნობილი, განხორციელდა თუ არა შეთანხმება, მაგრამ მილანელი პროკურორები იძიებენ საქმეს და მასში გადის სავოინი.

სავოინი იყენებს დუმილის უფლებას, იტყობინება იტალიის მედია. ჟურნალისტის ცოლი ეთნიკურად რუსია და „ლომბარდია-რუსეთის“ საზოგადოების პრეზიდენტია.

XS
SM
MD
LG