Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ამბობს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე მისი კომენტარი ჩარევა იქნება


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი არ გამოხატავს თავის პოზიციას „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდებულად ცნობის შესახებ.

„მე ვარ გათვითცნობიერებული იმ ინფორმაციებში, რაც ჯერჯერობით არის და მე ამას ვაკვირდები. ჩემი ანალიზებიც მაქვს, მაგრამ მე ვთვლი, და ეს უნდა კარგად გაიგოთ, რომ პრეზიდენტს არა აქვს უფლება - ის კი არა კომპეტენცია, ნუ შეგეშლებათ - უფლება არა აქვს, რომ ჩაერიოს ასეთ საქმეში და გამოხატოს თავისი შეხედულება“ - უთხრა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც კახეთის რეგიონში იმყოფება.

მისივე განცხადებით, სანამ საქმეში ჩართულია პროკურატურა, ან სასამართლო, პრეზიდენტის კომენტარი უშუალო ჩარევა იქნება.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წაუყენა.

პროკურატურის განცხადებით, 2018 წლის აგვისტოში დაწყებული გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე „გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.“

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და თავისი სიმართლის დამტკიცებას აპირებენ. მამუკა ხაზარაძე, რომელიც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" თანადამფუძნებელიცაა, აცხადებს, რომ ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებისკენ.

XS
SM
MD
LG