სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შოთა უტიაშვილის სახლთან მისი „ფეისბუკ“ პოსტის გამო გამართულ აქციას გამოეხმაურა. ომბუდსმენის განცხადებით ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მაღალი სტანდარტი არსებობს, თუმცა მოქალაქეებმა პატივი უნდა სცენ ადამიანის პირად სივრცესა და პირად ცხოვრებას.
„ჩვენ ქვეყანაში შეკრების და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი არსებობს. მისი შეზღუდვა მკაცრად გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლთან შეკრებას, კანონით მხოლოდ მოსამართლეების შემთხვევაში იკრძალება. თუმცა, მიმაჩნია, რომ საჯარო პირის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქციის გამართვის დროს ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახლში, რაც ადამიანის პირადი და დაცული სივრცეა, შესაძლოა იმყოფებოდნენ ბავშვები, ხანდაზმულები, შშმ პირები და ა.შ. რომელთათვისაც აღნიშნული შესაძლებელია გახდეს დიდი სტრესის საფუძველი. მე ვფიქრობ, რომ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის პირად ცხოვრებას და პირადი სივრცის ხელშეუხებლობას და პროტესტის გამოხატვის დროს გავითვალისწინოთ აღნიშნული გარემოებები“. წერს ნინო ლომჯარია.
ის შსს-ს, მოუწოდებს საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას უზრუნველყოს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობა, საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა პირადი უსაფრთხოება.
ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის და შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, შოთა უტიაშვილის სახლთან ტრანსფარანტებით და საყრივებით ხელში აქცია გამართა ახალგაზრდების ჯგუფმა. მათი განცხადებით, ისინი გორიდან ჩამოვიდნენ, რათა შოთა უტიაშვილისგან ბოდიშის მოითხოვდნენ, იმ "ფეისბუკ" პოსტის გამო, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს შეეხება.