Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სვანეთი ჰიდრო" სტიქიის შედეგებზე განცხადებას ავრცელებს


„მესტიაჭალა ჰესის“ მფლობელი კომპანია „სვანეთი ჰიდრო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ წყალდიდობა ჰიდროელექტროსადგურ „მესტიაჭალა 1-ის“ მიმდებარე ხეობაში მოხდა. მათი პირველადი შეფასებით, უშუალოდ სადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და ნატანის გაწმენდის შემდეგ ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას.

„დაბა მესტიაში მდინარე მესტიაჭალა ადიდდა, რასაც მოჰყვა უეცარი ტალღური წყალმოვარდნა. წყალდიდობა ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 1-ის მიმდებარე ხეობაში მოხდა. დატბორილია მესტიაჭალა 1-ის ტერიტორია, თუმცა პირველადი შეფასებით, უშუალოდ სადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და ნატანის გაწმენდის შემდეგ ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ჰესმა სტიქიის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და დასახლებული პუნქტი დაიცვა. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 2-ს, არც სადგურს და არც მიმდებარე ტერიტორიებს სტიქია არ შეხებია.

კომპანიის წარმომადგენლები აჟამად ადგილზე იმყოფებიან. წყლის ნაკადის შემცირებისთანავე შესაბამისი სამსახური დაიწყებს მესტიაჭალა ჰესი 1-ის პერიმეტრის დეტალურ შესწავლას და შესაბამის გაწმენდით სამუშაოებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

ძლიერმა წვიმამ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. ადიდებულმა მდინარე მესტიაჭალამ „მესტიაჭალე ჰესის“ მიმდებარე ტერიტორია დატბორა. როგორც რადიო თავისუფლებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა განუცხადა, ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა.

ადიდებულმა ღელეებმა პრობლემები შექმნეს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაბეშში და ჩვაბიანშიც. განადგურებულია შიდა სასოფლო დანიშნულების ხიდი და გზები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG