Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურორი: „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის მილიონი ლარი შემაკავებელი ხასიათის იქნება


„თიბისი ბანკის“ ბრალდებული დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ მილიონი ლარი თითოეულისთვის შემაკავებელი ხასიათის იქნებოდა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა, სასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდნენ. სასამართლომ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე უნდა იმსჯელოს.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე, პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ, თითოეულის შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.

„ასევე გვაქვს მოთხოვნა, რომ აღნიშნულ პირებს აეკრძალოთ საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებისას, მხედველობაში მიიღება ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობა. აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის იმ საფუძვლებით, რა საფუძვლებიც სასამართლოსთვის გვაქვს ჩამოთვლილი ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ მილიონი ლარი თითოეულისთვის შემაკავებელი ხასიათის იქნებოდა აღკვეთის ღონისძიების მიზნებისთვის", - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ადვოკატი, ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ საერთოდ არ უნდა იყოს გამოყენებული გირაო. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ბრალდება აბსურდულია.

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარუდგინა.

პროკურატურის გადაწყვეტილების თანახმად, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

2018 წელს პროკურატურის მიერ დაწყებულ ამ გამოძიებას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იმთავითვე ანაკლიის პორტის განვითარებას უკავშირებდნენ.

2019 წლის გაზაფხულზე, 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით. შინაგან საქმეთა მინისტრმა ფაქტი უარყო. ხაზარაძემ წერილი გამოძიებას წარუდგინა. მაშინ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელი იმასაც აცხადებდა, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება დაპატიმრების შესახებ პერიოდულად გავრცელებული ხმებით

ივლისის დასაწყისში მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება.

XS
SM
MD
LG