ორ დაკარგულს მაშველები ისევ ეძებენ თუშეთის გზაზე, სადაც გუშინ სატვირთო ავტომობილის ავარიის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილებს შორის სამი ერთი ოჯახის წევრია - მამა და ორი შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია. სამაშველო სამუშაოები დღეს დილის 6 საათიდან განახლდა.
4 ცხედარი უკვე პროზექტურაში გადაასვენეს, ერთი გარდაცვლილის გამოყვანა სპეცტექნიკის საშუალებით მოხდება. ის სატვირთოს ქვეშ არის მოყოლილი.
როგორც რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს გარდაცვლილის გამოყვანისა და დაკარგულების ძებნის პროცესში დილიდან მყვინთავებიც მონაწილეობენ. ავარიის შედეგად დაშავებულია კიდევ 3 ადამიანი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე 27 ივლისს მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, "ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა".
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.