Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული


დღეს ფუნდამენტური ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი და აქედან გამომდინარე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ტურიზმის კუთხით მაისისა და ივნისის მაჩვენებლები იყო "ყველაზე საუკეთესო საქართველოს ისტორიაში" და არსებობდა ეკონომიკაში ტურიზმის სექტორიდან მეტი შემოსავლის მობილიზების მოლოდინი, რაც არ გამართლდა ბოლო მოვლენების გამო.

"ჩვენ ველოდებოდით მეტ შემოსავლებს ტურიზმიდან, მაისისა და ივნისის ციფრები იყო ძალიან პოზიტიური - ყველაზე საუკეთესო საქართველოს ისტორიაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეკონომიკაში იყო მოლოდინი, რომ მეტი შემოსავლის მობილიზება მოხდებოდა ტურიზმის სექტორიდან.

სამწუხაროდ, იმ მოვლენების გამო, რაც მოხდა, ეს ასე არ არის... მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის ერთადერთი ფაქტორი. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმას, რომ ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი, აქედან გამომდინარე, ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული. ეს არის ექსპერტების დასკვნა.

ეროვნულმა ბანკმა გააკეთა ამის შესახებ განცხადება. ბუნებრივია, ის არის დამოუკიდებელი ორგანო და მას აქვს თავისი მოსაზრება და მოსაზრება არის ობიექტური, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა აკონტროლოს ინფლაციის ნიშნული და აუცილებლად უნდა ჩაერიოს იმ შემთხვევაში, როდესაც პარამეტრები შეიცვლება. მე მაქვს ეს მოლოდინი და ეროვნულმა ბანმა ეს დაადასტურა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG