Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეონა აქუბარდია: უსაფრთხოების საბჭოს დებულება დაგვიანებით დაამტკიცეს და უკანა რიცხვით აამოქმედეს


„მთავრობამ დაარღვია კანონი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“, - წერს „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ თანადამფუძნებელი თეონა აქუბარდია საკუთარი ფეისბუკის გვერდზე.

ის აქვეყნებს საქართველოს მთავრობის 17 ივლისის # 337 დადგენილებას, რომლის მიხედვით, დამტკიცდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულება. თუმცა დებულების მეორე მუხლის თანახმად, დადგენილების ამოქმედების თარიღად 7 ივნისია მითითებული.

თეონა აქუბარდია წერს, რომ მთავრობას, გარდამავალი დებულებით, აპარატის დებულება კანონის მიღებიდან (2 აპრილი) 2 თვეში უნდა დაემტკიცებინა: ​დებულება დაამტკიცეს 17 ივლისს და ძალაში 7 ივნისიდან შეიყვანეს თითქოს კანონის შესრულების მიზნით“.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ კანონით, საბჭოს აპარატის დებულება უნდა დამტკიცებულიყო არაუგვიანეს 7 ივნისისა, რაც, ფაქტობრივად, არ შესრულდა - ამ დებულების გარეშე კი აპარატი უბრალოდ ვერ დაკომპლექტებოდა.

„დებულება კი 17 ივლისის თარიღითაა დამტკიცებული, მაგრამ იმისთვის, რომ კანონი არ დარღვეულიყო ( თუმცა, ფაქტია, რომ დაირღვა), დაწერეს, ძალაში 7 ივნისიდან შევიდესო. კანონს უკუმოქმედების ძალა რომ არ აქვს, ეს ელემეტარული ამბავია“, - აცხადებს თეონა აქუბარდია რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

თეონა აქუბარდია შნიშნავს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი (და ამ დრომდე უკანასკნელი) სხდომა 1 მაისს გაიმართა. მას შემდეგ, მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა, სხდომა არ მოწვეულა. მისი თქმით, კანონით, სხდომა 3 თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს:

„შესაბამისად, თუ სხდომა არც 1 აგვისტოს ჩატარდება, ეს კიდევ ერთი დარღვევა იქნება“, - გვითხრა თეონა აქუბარდიამ.

თეონა აქუბარდია ასევე წერს, რომ კრიტიკას ვერ უძლებს თავად დებულების შინაარსიც:

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა ხორციელდება როგორც ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების, ასევე უწყებრივი დონის დოკუმენტების შემუშავების გზით. აპარატი ამ დებულებით ახორციელებს მხოლოდ ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესის ორგანიზებას და კოორდინაციას - როცა უნდა ახორციელებდეს კოორდინაციას ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტრატეგიულ და უწყებრივი დოკუმენტების შემუშავებას“

თეონა აქუბარდიას სიტყვებით, ის ასევე უნდა ახორციელებდეს:

  • თავდაცვის, უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის სფეროში შესაბამის სამსახურების კოორდინაციას. მათ შორის არის სპეცსამსახურებიც, რაც დოკუმენტში არ იკითხება.
  • არ ჩანს ასევე ის, რომ საბჭოს აპარატი მოახდენს ეროვნული უსაფრთხოების სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ერთიან სახელმწიფი პოლიტიკის ფორმირებას.

არის ასევე სხვა არაერთი კრიტიკული საკითხი, მათ შორის:

სპეცწოდებების, აპარატის თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანებასა ან დაღუპვაზე, სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებაზე კომპენსაციების, აპარატის უფროსისა და მოადგილის მინისტრის ტოლი ხელფასის და სხვა საკითხები, რის თაობაზეც თეონა აქუბარდია დეტალურად ისაუბრებს საქართველოში დაბრუნების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG