Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიცე-პრემიერი პუტინის გინებას ლარის კურსის ვარდნის მიზეზთა შორის ასახელებს


ლარის კურსის გაუარესებას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და სატელევიზიო ეთერიდან ვლადიმირ პუტინის გინებას უკავშირებს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

„როდესაც ჩვენ გავუკეთებთ ანალიზს 20 ივნისის შემდეგ მიმდინარე პროცესებს, დავინახავთ, რომ ლარის კურსმა გაუარესება სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო.

სწორედ ამ პოლიტიკური პროცესების, იმ გადატრიალების მცდელობების, პოლიტიკური დესტაბილიზაციის, პარლამენტში შევარდნის, შემდეგ - პირდაპირი ეთერიდან მეზობელი ქვეყნის პირველი პირების გინების და ამის შედეგად ტურიზმზე დაწესებული სანქციებით, მილიონნახევარი ტურისტის პრაქტიკულად დაკარგვით, ამ ყველაფრის შედეგად - ჩვენ ვიღებთ იმ სურათს, რა სურათსაც ვიღებთ დღეს“, - უთხრა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ მთავრობას შეუშალონ ხელი ლარის გაძლიერების მცდელობაში.

„ყველა ქმედება, იქნება ეს ეკონომიკური განვითარების ნაწილში, სოფლის მეურნეობის განვითარების ნაწილში, ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში, ყველა ეს ქმედება არის მიმართული იქითკენ, რომ ჩვენი ბიზნესი, ჩვენი გლეხები, ჩვენი მეწარმეები გაძლიერდნენ...

ვუწყობთ ხელს ყველა პროგრამით იმისთვის, რომ მათ შექმნან როგორც საწარმოო შესაძლებლობები, გაყიდონ პროდუქცია, მოიზიდონ ტურისტი, ააშენონ სასტუმროები და ამით შემოიტანონ ჩვენს ეკონომიკაში უცხოური ვალუტა და ამით გავაძლიეროთ ლარი, ყველაფერი ეს ფუჭია მაშინ, როდესაც გარკვეული რადიკალური ოპოზიცია - „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ პროცესს შეუშალონ ხელი და მუდმივ რეჟიმში ვიმყოფებოდეთ რევოლუციებისა და გადატრიალების ჭრილში. ამ ყველაფრის შედეგი არის ის შედეგი, რასაც ჩვენ ვიღებთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG