Accessibility links

ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა


თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მისი თქმით, გამოძიებას შეკითხვები ჰქონდა სარეკლამო კონტრაქტებთან დაკავშირებით, რაც ათეულობით წლის განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკაა და სრული აბსურდია ამ საკითხების სისხლის სამართლებრივი წესით განხილვა.

„(აინტერესებთ) რატომ იდებოდა სარეკლამო კონტრაქტები ამა თუ იმ თანხაზე - ეს იგივე ბიზნესის გარჩევაა, ანუ რატომ არის მედიაბიზნესი ასეთი და რატომ არის მედიაბაზარი ასეთი... რა ვიცი, ასეთია - ასე დადგინდა ათეულობით წლების განმავლობაში. ასეთია ბიზნესის სპეციფიკა და რა ვიცი, ახლა ამის გარჩევა რამდენად შეესაბამება საღ აზრს..

ვერაფერს ვერ იზამენ ეს პროკურორები, რადგან ეს დავალება აქვთ და სხედან და იკვლევენ, მაგრამ აბსურდია ახლა... ეს დაახლოებით იგივეა, მაგალითად, მეღვინეებს რომ ჰკითხო - რატომ დგინდება ღვინის ფასი ამის მიხედვით... დამკვიდრებული სავაჭრო წესების განხილვა მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი წესით. ეს კატასტროფაა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიამ თავად მოითხოვა, რომ მისი გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მომხდარიყო და პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა.

გენერალური პროკურატურის მიერ 1 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაიბარეს იმ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც “სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის“ საქმეს შეეხება.

პროკურატურის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პროკურატურამ მოიპოვა სასამართლოს განჩინებები „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის - „ინტერ მედიიდან“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“ გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის მიმართვის საფუძველზე. ნიჟარაძის ადვოკატმა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჩივარი 16 ივლისს შეიტანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG