Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა „რუსთავი 2-ის“ შენობაში მდებარე „ინტერმედია პლუსის“ ოთახში


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ შენობაში პროკურატურა დოკუმენტაციას სწავლობს სწორედ იმ ოთახში, რომელიც საგამოძიებო ორგანოს ცნობით, შპს „ინტერმედია პლუსს“ იჯარით აქვს აღებული.

„ინტერმედია პლუსი“ „რუსთავი 2-ის“ კონტრაქტორი კომპანიაა, რომელიც სარეკლამო დროს ყიდის.

პროკურორმა ლაშა აბულაძემ „კურიერის“ ჟურნალისტს ტელეკომპანიის შენობაში ყოფნის მიზეზები ასე განუმარტა:

„მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ეხება „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობის ფულადი თანხების სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით მითვისების, ასევე მოჩვენებითი, ან თვალთმაქცური გარიგების გზით კომპანიის ქონების გადამალვის ფაქტებს“.

გამოძიება დაიწყო „რუსთავის 2-ის“ 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადების შემდეგ. ადვოკატი შესაძლო დანაშაულზე მიუთითებდა. შენობაში შესვლის მიზეზია „რუსთავი 2-ის“ დირექტორის, პაატა სალიას მიმართვაც.

პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებას სასამართლოს განჩინების საფუძველზე ატარებს.

თავად პაატა სალია ამბობს, რომ პროკურორს, გამოძიების ფარგლებში აინტერესებს ყველა დოკუმენტი, როგორც „რუსთავი 2“-სთვის ზიანის მიყენების, ასევე „ინტერმედიასთან“ მიმართებით.

ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ის გარემოებაც ახსნა, რის გამოც სამართალდამცავ ორგანოს მიმართა. სალია აცხადებს, რომ ტელეკომპანიაში არსებული მძიმე ვითარების მიზეზად ყადაღის დასახელება არალოგიკურია.

სალია იმასაც ამბობს, რომ მან კომპანიაში აღმოაჩინა ისეთი რამ, რამაც, შესაძლოა, გამოძიება დანაშაულის ნიშნებამდე მიიყვანოს.

2 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მიცემის შემდეგ „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ პროკურორს აინტერესებდა, რატომ იდებოდა სარეკლამო კონტრაქტები ამა თუ იმ თანხაზე.

„ეს იგივე ბიზნესის გარჩევაა, ანუ რატომ არის მედიაბიზნესი ასეთი და რატომ არის მედიაბაზარი ასეთი...“, - ამბობს გვარამია.

„ფორმულა კრეატივის“ წარმომადგენელი, მიშა მშვილდაძე „ინტერმედიის“ ოთახში პროკურატურის შესვლას ახლო მომავალში ახალი არხის დაფუძნების შესახებ დავით კეზერაშვილის განცხადებას უკავშირებს. როგორც მშვილდაძე ამბობს, სწორედ აღნიშნულ ოთახში საქმიანობდა ზუკა გუმბარიძე, რომლის კანდიდატურაც ახალი ტელეარხის დირექტორის პოზიციაზე განიხილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG