ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი აცხადებს, რომ სანქციები, რომლებიც მას აშშ-მა დააკისრა, აჩვენებს ვაშინგტონის "ჩავარდნას" მოეძებნა დიპლომატიური გამოსავალი სპარსეთის ყურეში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.
თეირანში, 5 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ზარიფმა განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა მას ფინანსური სანქციები გასულ კვირაში დაუწესა, მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა მოწვევაზე შეხვედროდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ზარიფის წინააღმდეგ გატარებულ ამ ზომას, რომელიც ჰგავს ერთი თვის წინ ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა ალი ხამენეიზე დაკისრებულ სანქციებს, ბევრი ანალიტიკოსი სარისკოდ მიიჩნევს, ვინაიდან ის კიდევ უფრო ართულებს მოლაპარაკების გამართვის პერსპექტივას.
"საგარეო საქმეთა მინისტრისთვის სანქციების დაკისრება ნიშნავს მარცხს" დიალოგის გამართვის ნებისმიერი ძალისხმევისა - განაცხადა ზარიფმა, რომელმაც მანამდე მასზე დაკისრებულ სანქციებს "ბავშვური" უწოდა.
ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა გაღრმავდა მას შემდეგ, რაც 2018 წლის მაისში აშშ გამოვიდა ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულებიდან, რომელიც მიზნად ისახავდა ირანის ბირთვული პროგრამის შემცირებას სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.
სანქციების გამოცხადებისას, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა ზარიფი დაადანაშაულა ხამენეის "თავზეხელაღებული დღის წესრიგის" გატარებაში და ის აღწერა ირანის "რეჟიმის მთავარ პრესმდივნად მთელ მსოფლიოში".