Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავი 2"-ის ადვოკატი: მივდივარ ტელევიზიაში, გავიგო რატომ გამათავისუფლეს


"რუსთავი 2"-ის ადვოკატის, თამთა მურადაშვილის თქმით, მას შეთანხმებულ შვებულებაში გასვლის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამ წუთებში თამთა მურადაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში მივიდა დირექტორთან შესახვედრად, რათა გაიგოს გათავისუფლების მიზეზი.

მურადაშვილის თქმით, პარაკევს, მას ჰქონდა კომპანიის ახალ დირექტორთან, პაატა სალიასთან შეთანხმება იმის შესახებ, რომ ორშაბათიდან გავიდოდა კუთვნილ 24 დღიან შვებულებაში, თუმცა დღეს მოულოდნელად დაუკავშირდა კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი, რომელმაც შეატყობინა, რომ მის მიერ მოთხოვნილი შვებულების განცხადება არ დაკმაყოფილდა და სამსახურიდან გათავისუფლებულია.

"რუსთავი 2"-ის ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ მას ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ კომპანიიდან წასვლის სურვილი არ გამოუთქვამს და მისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელია.

თამთა მურადაშვილი ტელეკომპანიაში 11წლის განმავლობაში მუშაობდა.

გასულ კვირას “რუსთავი 2” იურისტმა დიმიტრი საძაგლიშვილმა დატოვა. მურადაშვილი ამბობს, რომ მის შემთხვევას საძაგლიშვილის გადაწყვეტილებასთან საერთო არაფერი აქვს, ვინაიდან ის[დიმიტრი საძაგლიშვილი] ნიკა გვარამიას პირადი ადვოკატია და კომპანია საკუთარი სურვილით დატოვა, თვითონ კი კომპანიაში იქამდე აპირებდა დარჩენას, სანამ ის ჟურნალისტებს შეიძლება დასჭირვებოდათ.

ტელეკომპანიის ძველი მენეჯმენტის პირობებში, მურადაშვილი და საძაგლიშვილი სტრასბურგში “რუსთავი 2”-ის საქმეზე სახელმწიფოს წინააღმდეგ დაობდნენ. 23 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა სალიამ თქვა, რომ ტელეკომპანია სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებდა. რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუკი ადვოკატებს ექნებოდათ გასაჩივრების პროცესში მონაწილეობის სურვილი, მოუწევდათ თუ არა მათ სამსახურის დატოვება, სალიამ თქვა, რომ ეს კომპანიის შიდა საქმე იყო და ტელევიზიებთან ამაზე ლაპარაკს არ აპირებდა.

რადიო თავისუფლება პაატა სალიასთან დაკავშირებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს.

XS
SM
MD
LG