Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახტაძე: საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძემ 6 აგვისტოს განაცხადა, რომ სახელმწიფომ გადადგა ყველა ნაბიჯი იმისთვის, რომ ამაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის წარმატებულად განხორციელდეს.

„ანაკლიის პროექტს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია და გადავდგით ყველა ნაბიჯი პროექტის წარმატებულად რეალიზაციისთვის. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ აქტივობას კონსორციუმის მხრიდან, რომელიც გამოიწვევს აღნიშნული პროექტის წარმატებით დასრულებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის განცხადებით, პროექტის განხორციელების საკითხი არ დგას კითხვის ქვეშ, რადგან, მისი სიტყვებით, სახელმწიფომ გამოისყიდა მიწები კონსორციუმისთვის გადასაცემად, რაშიც რამდენიმე ათეული მილიონი ლარია გადახდილი.

„მთავრობამ აიღო ვალდებულება და ამას სჭირდება რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია, რომ შექმნას დამატებითი ინფრასტრუქტურა, იქნება ეს რკინიგზა, საავტომობილო გზა თუ ნებისმიერი სხვა საკითხი. ჩვენ შევძელით, რომ ანაკლიის პროექტი დაფიქსირებულია პრიორიტეტულ სიაში ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის. ფინანსისტებთან კი, რომლებიც თავის თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ, მაქვს შეკითხვა – ამის შემდეგ, ნუთუ შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს კითხვის ნიშანი იმაზე, რომ სახელმწიფომ გააკეთა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი აშენებულიყო. დიახ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი და უფრო მეტიც, ჩვენ გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი და საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი“, – უთხრა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს.

თავად ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა კი ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მოელის „პოზიტიურ ცვლილებებს მოლაპარალებებში“:

„მე ვფიქრობ, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებები განახლდება სექტემბრის დასაწყისში, მანამდე არსებული დრო ჩვენ გვჭირდება სამეთვალყურეოს აბჭოს ახალი წვერების ინფორმირება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლიელბა ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების პოზიტიურ ჭრილში წარმართვას“.

5 აგვისტოს გავრცელდა ცნობა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ცნობით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოზიციიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც „კონსორციუმმა“ განმარტა, აგვისტოს ბოლოს დაგეგმილი პარტნიორთა კრება გადადგომის შესახებ მათ განცხადებებს დააკმაყოფილებს. კომპანია სამეთვალყურეო საბჭოში საერთაშორისო ბიზნეს და პროფესიულ წრეებში კარგად ცნობილი, მაღალი რეპუტაციის მქონე პირებს შეყვანას გეგმავს.

XS
SM
MD
LG