Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი გვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმაურება


საქართველოს სახალხო დამცველი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი უმძიმესი დარტყმა იყო საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისათვის. ამ კონფლიქტმა ზიანი მიაყენა ადამიანურ ურთიერთობებს:

იქ სადაც 10 წლის წინ ინტენსიური მიმოსვლა და ვაჭრობა მიმდინარეობდა, მჭიდრო იყო ნათესაური და მეგობრული კავშირები, დღეს რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეები უკანონოდ აკავებენ და აჯარიმებენ ადამიანებს. 2014-2018 წლებში ქართული მხარის მიერ აღრიცხული იქბა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან 1700-მდე ადამიანის დაკავება/გატაცება“.

ომბუდსმენი წერს, რომ მავთულხლართებისა და ღობეების გავლებამ, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესმა პირდაპირი ზიანი მიაყენა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე 50-ზე მეტ სოფელს შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.

სახალხო დამცველი ჩამოთვლის იმ მთავარ პრობლემებს, რომელთან გამკლავებაც ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ ადგილობრივებს:

უკანონო დაკავებები, რუსეთის ფედერაციის ბაზებზე სამხედრო წვრთნები, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი სასოფლო სამეურნეო მიწები და ამით გამოწვეული სიღარიბე.

განსაკუთრებით საგანგაშოა სიცოცხლის უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტები. აღნიშნულს ცხადყოფს 2014 წელს დავით ბაშარულის, 2016 წელს გიგა ოთხოზორიას, 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილის და 2019 წელს ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობები. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ყველა მკვლელობაში უშუალო მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები არიან“, - წერს სახალხო დამცველი.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა მხარეს დაიწყონ შინაარსობრივი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათი ღირსებისა და უფლებების დასაცავად და დაპირისპირებულ საზოგადოებებს შორის დამოკიდებულებების შესაცვლელად.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის კონფლიქტების შედეგად, საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე დაზარალდა. დღეის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულ დევნილთა რაოდენობა 282 485-ზე მეტია. აქედან, 26 888-ზე მეტი პირი (დაახლოებით 9 081 ოჯახი) 2008 წლის მოვლენების შედეგად ცხინვალის რეგიონიდან გახდა ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალი პირი.

XS
SM
MD
LG