Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვემო ალვანში საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე გაიხსენეს


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერში შეიკრიბნენ მისი თანასოფლელები, ოჯახის ნათესავები, ადგილობრივი ხელისუფლების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„სამაყოა როდესაც საქართველოს ჰყავს სამშობლოსთვის თავდადებული გმირები“, - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი ანწუხელიძე გაიხსენა მისმა მამიდამ, ეთერ ანწუხელიძემ.

"11 წელი გავიდა მაგრამ ტკივილი არ ნელდება. ერთი რითიც თავს ვიმშვიდებ ეროვნული გმირის წოდებაა. მეამაყება, რომ ასეთი ძმისშვილი გავზარდეთ”, - განაცხადა, გიორგი ანწუხელიძის მამიდამ.

ქვემო ალვანში იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველიც. მისი სიტყვებით, სწორედ ანწუხელიძისნაირი ადამიანების გმირობაზე დგას ქვეყანა და "გიორგი ანწუხელიძე არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს ქართველი ვაჟკაცი, როგორ უნდა იბრძოლო შენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის".

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4-ე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში, რუსმა და ოსმა სამხედროებმა ცხინვალში წამებით მოკლეს.

ანწუხელიძის ცხედრის გადმოსვენება 2008 წლის ნოემბერში მოხერხდა. მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა. გარდაცვალების შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG