Accessibility links

რამზან კადიროვმა იმამი შამილი ჩეჩნების განადგურებაში დაადანაშაულა


შამილი და კადიროვი (კოლაჟი)

დაღესტნის მუფტიატმა დაგმო იმამ შამილის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის, გამონათქვამები, რომლითაც კავკასიის თავისუფლებისათვის მებრძოლი შამილი დადანაშაულებულია ჩეჩენი ხალხის მიზანმიმართულ განადგურებაში.

„თუ ხატაბისა და კომპანიის ავანტიურა ორ კვირას გრძელდებოდა, იმამ შამილის მოქმედებებმა 20 წლის განმავლობაში ხელი შეუწყო თითქმის ნახევარი ჩეჩენი ხალხის განადგურებას და მთელი ჩეჩნეთის გადაწვას“,- განაცხადა რამზან კადიროვმა დაღესტნის ტერიტორიაზე ხატაბისა და შამილ ბასაევის რაზმების შეჭრის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით მიცემულ ინტერვიუში.

„ჩვენთვის გასაგებია ჩეჩნეთის ხელმძღვანელის სტილი. გვესმის, რომ გული შესტკივა საკუთარ ხალხზე და სურს, რომ მას ყველა ბრუნვაში არ აბრუნებდნენ არც ისტორიულ საკითხებსა და არც თანამედროვეობაზე საუბრის დროს. ეს ნამდვილი პატრიოტის კარგი ტაქტიკაა და ამაში მხარს დავუჭერდით, მაგრამ არ გვესმის, რა საჭირო იყო ამ კონტექსტში ხსენება იმამ შამილისა, რომელიც, თითქოს, ჩეჩნებს უფლებას არ აძლევდა 200 წლის წინ შეერთებოდნენ რუსეთს? ჩეჩნეთის ლიდერს იმის თქმა სურს, რომ იმამ შამილის აჩრდილმა უბიძგა მის ხალხს რუსეთის წინააღმდეგ ორი ომის დაწყებისაკენ 1990-იანებში? უცნაური შემობრუნებაა!“- ნათქვამია დაღესტნის მუფტიატის განცხადებაში.

ბოთლიხის რეიდის კონტექსტი

რამზან კადიროვი ამტკიცებს, რომ 1990-იან წლებში ვაჰაბიზმი ჩეჩნეთში სწორედ დაღესტნიდან გავრცელდა და 20 წლის წინ ბოთლიხის რაიონშიც პირველები სწორედ დაღესტნელი საველე მეთაურებისა და არაბი ტერორისტის, ხატაბის, ბანდფორმირებები შეიჭრნენ და არა „შეიარაღებული ჩეჩენი ტერორისტები“, როგორც დღემდე არასწორად ფიქრობენ.

ასეთ შემთხვევაში ჩვენ, მორწმუნეები, ყველაზე საუკეთესო გამოსავლად უზენაესისადმი სასოებას მივიჩნევთ. იმამი შამილი კი თავად გასცემს პასუხს იმამ შამილის შეურაცხყოფისათვის
დაღესტნის რესპუბლიკის მუფტიატი

„პირველი იყო ვაჰაბიზმის დაღესტნელი იდეოლოგის, ბაგაუდინ კებედოვის, „კავკასიის ისლამური არმიის“ 1200-კაციანი რაზმი, რომელიც დაკომპლექტებული იყო დაღესტნის რესპუბლიკის მცხოვრებლებით. მას კვალში ედგა დაღესტნელი მაგომედ ტაგაევის „დაღესტნელ მეამბოხეთა იმამის სახელობის არმია“. მესამე რაზმი შედგებოდა არაბების, უზბეკების, ტაჯიკებისა და რუსეთის რეგიონების მცხოვრებლებისგან და ექვემდებარებოდა დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს მიერ მომზადებულ არაბ ტერორისტ ხატაბს“, - აცხადებს რამზან კადიროვი.

კადიროვს საეჭვოდ ეჩვენება ისიც, რომ ძალოვან სტრუქტურებს არაფერი გაუკეთებიათ დაღესტნის ტერიტორიაზე ხატაბისა და შამილ ბასაევის რაზმების უდანაკარგო გადასვლისათვის ხელის შესაშლელად, თუმცა ითვლება, რომ სწორედ ამ რეიდს მოჰყვა ოფიციალურად რუსეთის ფედერაციის მიერ „ჩეჩნეთის მეორე ომის“ კამპანიის დაწყება.

ომი ჩეჩნეთში
ომი ჩეჩნეთში

„მამაჩემმა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა, რუსეთის გმირმა, იმხანად მუფტიმ, ახმატ-ხაჯი კადიროვმა თავისი სიცოცხლის რისკის ფასად მკაფიოდ და გადაჭრით დაგმო ხატაბის, კებედოვის, ტაგაევისა და სხვა მოთავეების შეჭრა დაღესტანში, შემდგომ კი მთელი მსოფლიოსათვის კარგად ცნობილი წვლილი შეიატანა ჩეჩნეთსა და მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში საერთაშორისო ტერორიზმის განადგურებაში“, - აცხადებს რამზან კადიროვი, რომელიც ვერ მალავს თავის წყენას იმის გამო, რომ მთელი ამ განვლილი ოცი წლის განმავლობაში უწევს იმის მოსმენა, თითქოს „დაღესტანს თავს დაესხნენ ჩეჩენი ტერორისტები“.

„შამილმა ჩეჩენი ხალხის განადგურების პროვოცირება მოახდინა“

რთულ ისტორიულ მოვლენებზე საუბრის კონტექსტში სააგენტო „ჩეჩნია სეგოდნიას“ ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერი ლეგენდარულ იმამ შამილზე, რომელიც 19 წლის განმავლობაში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ.

იმამმა შამილმა ბრძანება გასცა სიკვდილით დაესაჯათ ყველა ჩეჩენი, რომელიც რუსეთთან მშვიდობაზე ლაპარაკობდა. წვავდა დასახლებულ პუნქტებს, უხუცესებს აიძულებდა დაეფიცათ ყურანზე, რომ იომებდნენ რუსეთის წინააღმდეგ.
რამზან კადიროვი

რამზან კადიროვი აცხადებს, რომ 1840 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც დაღესტნელი იმამი შამილი თავის 400- კაციანი რაზმით დაღესტნიდან ჩეჩნეთში მოვიდა და თავი ჩეჩნეთისა და დაღესტნის იმამად გამოაცხადა,20 წლის განმავლობაში ჩეჩნეთის მოსახლეობის რაოდენობა ორჯერ და უფრო მეტჯერ შემცირდა - მამაკაცების რაოდენობამ, დაახლოებით, 70 %-ით იკლო.

„არ დარჩენილა არც ერთი სოფელი, რომელიც რამდენჯერმე არ გადაეწვათ. ჩეჩნეთის მცხოვრებლები იძულებული იყვნენ მთებში გაქცეულიყვნენ. მოხუცები, ბავშვები და ქალები შიმშილსა და სიცივეში იღუპებოდნენ. იმამმა შამილმა ბრძანება გასცა სიკვდილით დაესაჯათ ყველა ჩეჩენი, რომელიც რუსეთთან მშვიდობაზე ლაპარაკობდა. წვავდა დასახლებულ პუნქტებს, უხუცესებს აიძულებდა დაეფიცათ ყურანზე, რომ იომებდნენ რუსეთის წინააღმდეგ“, - აღნიშნავს ინტერვიუში რამზან კადიროვი და დასძენს, რომ იგი პატივს სცემს შამილის, როგორც სასულიერო ლიდერის, ხსოვნას, მაგრამ აინტერესებს, რატომ ებრძოდა „ჩეჩნეთში მყოფი რუსეთს, რითაც ჩეჩენი ხალხის განადგურების პროვოცირება მოახდინა, ხოლო დაღესტანში დაბრუნებული, ოთხი თვის შემდეგ ჩაბარდა რუსებს და მიიღო მეფის აზნაურის წოდება? რა არის ეს, თუ არა გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ტერორი ჩეჩნეთისა და ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ? თუ ორმაგი სტანდარტები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ჩაისახა?“

იმამ შამილის პოსტამენტის გახსნა მახაჩყალაში
იმამ შამილის პოსტამენტის გახსნა მახაჩყალაში

ამ პროვოკაციული ინტერვიუთი რამზან კადიროვმა დღესტნისა და ჩეჩნეთის იმამი კი არ დაამცირა, არამედ საკუთარი თავი
დენგა ხალიდოვი

რამზან კადიროვის ამ სიტყვებს, როგორც ზემოთ ითქვა, პირველი გამოეხმაურა დაღესტნის რესპუბლიკის ცენტრალური მუფტიატი, რომელმაც ჩეჩნეთის დღევანდელ ლიდერს დიპლომატიურად შეახსენა, რომ, იმამ შამილის მსგავსად, რუსეთს თავდაპირველად კადიროვის მამა ახმად კადიროვიც ებრძოდა:

„იმამი შამილი არასოდეს აჯანყებულა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელშიც ცხოვრობდა. იმ სიტუაციაში ის 25 წლის განმავლობაში იცავდა თავისი მამებისა და ძმების მიწასა და სახლ-კარს, მაგრამ როცა დარწმუნდა ომის უაზრობაში, მოლაპარაკებაზე წავიდა. ცხადია, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს იმამი შამილი ისევე ღირსეულად და პატიოსნად იქცეოდა, როგორც, შესაძლოა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ამჟამინდელი ლიდერის მამა, როცა ომის შემდეგ პატივისცემით იქნა მიღებული მეფის კარზე“.

იმამ შამილი
იმამ შამილი

დაღესტნის რესპუბლიკის მუფტიატი მიიჩნევს, რომ სასულიერო ლიდერებისა და ერის წინამძღოლების მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარები მთელი ხალხისათვის სილის გაწვნას უდრის. „ასეთ შემთხვევაში ჩვენ, მორწმუნეები, ყველაზე საუკეთესო გამოსავლად უზენაესისადმი სასოებას მივიჩნევთ. იმამი შამილი კი თავად გასცემს პასუხს იმამ შამილის შეურაცხყოფისათვის“, - წერია დაღესტნის მუფტიატის განცხადებაში.

რამზან კადიროვის სკანდალურ ინტერვიუს დაუყოვნებლივ მოჰყვა რეაქცია სოციალურ ქსელებში და შეიქმნა ჰეშტეგი, რომელშიც ადამიანები ერთმანეთს უზიარებდნენ კომენტარებსა და იმამ შამილის სურათებს - შამილისა, რომელსაც დაღესტნელები თავიანთ ეროვნულ გმირად მიიჩნევენ.

„ამ პროვოკაციული ინტერვიუთი რ. კადიროვმა დღესტნისა და ჩეჩნეთის იმამი კი არ დაამცირა, არამედ საკუთარი თავი“, - ასეთი კომენტარი დაწერა დაღესტნის მეთაურის ყოფილმა თანაშემწემ, დენგა ხალიდოვმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG