Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დვალი და აქიმიძე: განწირულია ივანიშვილის სურვილი


„ქართული ოცნების“ ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ გზას დაადგა და ცდილობს „რუსთავი 2“-ის გაყიდვის გზით „სამართლებრივი ბრძოლის გართულებას“, - აცხადებენ ტელეკომპანიის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე. მათი შეფასებით, დაგეგმილია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული მფლობელისთვის.

დვალი და აქიმიძე აფრთხილებენ ტელეკომპანიის პოტენციურ მყიდველებს, რომ ვერ გახდებიან კეთილსინდისიერი შემძენები, რადგან „რუსთავი 2“ თავის დროზე სრულიად უკანონოდ წაართვეს ტელეკომპანიის დამფუძნებლებს და სამართლებრივი ბრძოლა კვლავაც გაგრძელდება.

„ოცნების ხელისუფლება მისი წინამორბედის გზას დაადგა. ის ცდილობს გადაყიდვების გზით კვალის არევას და ჩვენთვის სამართლებლივი ბრძოლის გართულებას. დაპირებული სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, მან მიზნად დაისახა „რუსთავი 2-ის“ ივანიშვილთან დაახლოებულ, მისთვის უფრო საიმედო მფლობელისთვის გადაცემა. ეს უკვე ნაცნობი სცენარია, დღევანდელი ხელისუფლება ამ ტაქტიკაში ორიგინალური არ არის.

გვინდა გავაფრთხილოთ „კონკურსში“ მონაწილეობის პოტენციური მსურველები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ისინი ვერ გახდებიან კეთილსინდისიერი შემძენები. ეს ტელევიზია უკანონოდ წაართვეს მის დამფუძნებლებს, რომლებიც მის დასაბრუნებლად იბრძვიან. ეს დადასტურებულია მთავარი პროკურატურის მიერ, სადაც 2012 წლიდან ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და რომელმაც 2015 წელს დაზარალებულად გვცნო. გამოძიება კვლავ გრძელდება“, - წერია დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ გეგმა წარმატებული ვერ იქნება და „განწირულია ივანიშვილის სურვილი, კანონიერების ელფერი შესძინოს „რუსთავი 2-ის“ ჯიბეში ჩადებას“.

„ქვეყნისთვის ტრაგიკულია, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაითავისა ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისა და საზოგადოების არსებობისთვის.

„რუსთავი 2”-ისთვის ბრძოლა გრძელდება და დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ტელეარხი დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ შეასრულოს დამოუკიდებელი, კრიტიკული და მიუკერძოებელი მედიასაშუალების ფუნქცია“, - აცხადებენ დვალი და აქიმიძე.

„რუსთავი 2“-ის ამჟამინდელმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გაავრცელა ინფორმაცია ტელეკომპანიის გაყიდვის განზრახვასთან დაკავშირებით და ასევე პრესკონფერენცია გამართა ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ.

სალიას განცხადებით, "რუსთავი 2"-ის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილებამდე ქიბარ ხალვაში მიიყვანა "კომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა ფინანსურმა მდგომარეობამ", რაც, მისი თქმით, შედეგია ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის მიზანმიმართული ქმედებებისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG