Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით კეზერაშვილი: ტყუილს მოკლე ფეხები აქვს


საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი

„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“ - ამ წინადადებით გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გავრცელებულ ცნობებს, რომ მის წინააღმდეგ ისრაელში გამოძიება მიმდინარეობს ქრთამის აღების საქმეზე.

ფეისბუკის გვერდზე კეზერაშვილის მოკლე კომენტარს თან ახლავს გამოცემის, The Times Of Israel-ის 5 აგვისტოს სტატია, რომლის თანახმად, ისრაელის არმიის ყოფილი გენერლის, ჰირშის წინააღმდეგ ოთხწლიანმა გამოძიებამ არ დაადასტურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კეზერაშვილისთვის ქრთამის მიცემის ფაქტი.

ბრალდება შეეხებოდა სამხედრო კომპანიის, Defensive Shield-ის საქმეს, რომლის ყოფილი თანამშრომელი ამტკიცებდა, რომ ჰირშმა ქრთამი მისცა დავით კეზერაშვილს, რათა საქართველოში ამ კომპანიის ინტერესები გაეტარებინა. ამ კომპანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს სამხედრო ნაწილების წვრთნებში 2006 და 2008 წლებში, როცა კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო.

1 აგვისტოს, დავით კეზერაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ახალ ტელევიზიას ქმნის.

კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2006-2008 წლებში იკავებდა, შემდეგ კი საქართველო დატოვა.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე, მათ შორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, „ფულის გათეთრების“ და ტელეკომპანია „იმედის“ უკანონოდ გასხვისების ბრალდებებით. თუმცა, არცერთ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დღემდე არ დამდგარა.

ბოლო წლებში საქართველოს პროკურატურამ კეზერაშვილის ექსტრადიცია ორჯერ მოითხოვა, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთისგან, თუმცა, არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

2017 წლის შემოდგომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილმა მილიონები ყაჩაღობით, ქურდობითა და ძარცვით იშოვა, დღეს კი, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია და მის მიერ შექმნილ „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს.

XS
SM
MD
LG