Accessibility links

გაერო მოუწოდებს ქაბულს, „შეწყდეს სამოქალაქო მოსახლეობის საზიანო ქმედებები“


პროვინცია პაქტია

გაერო „სერიოზულად შეშფოთებულია“ ავღანეთიდან მოსული ცნობით, რომლის თანახმად, 11 სამოქალაქო პირი დაიღუპა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ოპერაციის დროს ქვეყნის აღმოსავლეთ პაქტიის პროვინციაში.

„ანგარიშვალდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა შეწყდეს სამოქალაქო მოსახლეობისათვის ზიანის მიყენება“, - ნათქვამია ავღანეთში გაეროს მისიის (UNAMA) მიერ 14 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ „სამთავრობო ძალების ძებნის ოპერაცია“ ჩატარდა იმ დროს, როდესაც მუსლიმები დღესასწაულ „ეიდ ალ-ადჰას“ ზეიმობდნენ.

ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების დირექტორატი (NDS) აცხადებს, რომ ოპერაციის სამიზნე იყო თალიბების ადგილსამყოფელი და რომ „სამოქალაქოებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა.“

იმავე ცნობით, დაიღუპა 11 მეამბოხე, მათ შორის ორი მეთაური, რეიდის დროს ამოღებულია დიდძალი იარაღი და საბრძოლო მასალა.

იუწყებიან, რომ ოპერაცია 11 აგვისტოს ღამით ჩატარდა ზურმატის რაიონში.

მაგრამ პროვინციის საბჭოს წევრის, ალაჰ მირ ხან ბაჰრამზოის თქმით, სამთავრობო ძალები სტუდენტების შეკრებას დაესხნენ თავს.

„გვიან ღამით უსაფრთხოების ძალებმა ალყა შემოარტყეს სახლს, გამოიყვანეს მსხვერპლი პანსიონიდან და ერთი მეორის მიყოლებით დახვრიტეს“, - განუცხადა ბაჰრამზოიმ სააგენტო „როიტერსს“.

ომის მიმდინარეობის 18 წლის შემდეგაც კი არ წყდება ავღანეთში ძალადობა აშშ-ისა და თალიბების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად.

UNAMA-ს თანახმად, მიმდინარე წლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ავღანეთში დაახლოებით 3800 სამოქალაქო პირი დაიღუპა ან დაიჭრა.

აშშ-სა და თალიბანს შორის მოლაპარაკებების მორიგი მე-12 რაუნდი 12 აგვისტოს გაიმართა ყატარში. შეხვედრის მომდევნო რაუნდის თარიღი არ გამოცხადებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG