Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იმედის" ფილმი აგვისტოს ომზე ფეისბუკიდან წაშალეს


ტელეკომპანია "იმედის" ფეისბუკის გვერდიდან წაიშალა ფილმი, რომელის აგვისტოს ომს შეეხება და ფართო საზოგადოების მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. ფილმი ჯერ ისევ განთავსებულია ტელევიზიის youtube-ს არხზე. რადიო თავისუფლებას ინფორმირებული პირი უდასტურებს, რომ ფილმის ფეისბუკის გვერდიდან წაშლის ინიციატორი Imedinews-ის მთავარი რედაქტორი თეონა გეგელია იყო.

მანამდე ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვებისა და Imedinews-ის ჟურნალისტებმა „იმედის“ ეთერში აგვისტოს ომზე გასულ ფილმთან დაკავშირებული პროტესტი სოციალურ ქსელში გამოხატეს.

„არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“, - ასეთ ტექსტს თავიანთი „ფეისბუკის“ გვერდებზე ავრცელებენ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებისა და "Imedinews"-ის ჟურნალისტები.

ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომზე ფილმი ძალიან სასარგებლო და დროული იყო. მისი სიტყვებით ფილმთან დაკავშირებით არხის ხელმძღვანელობას პროტესტი არ გამოუთქვამს.

ფილმი "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!" 11 აგვისტოს გადაიცა. 13 აგვისტოს "ფილმს გამოეხმაურა მედიაკრიტიკის პლატფორმა "მედიაჩეკერი": "მნიშვნელოვანი ფაქტების მიჩქმალვა, მანიპულაცია და არაზუსტი ინფორმაცია ფონად გასდევს 40 წუთიან ფილმს, სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!”

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG