Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის საელჩო გუგუტიანთკარზე: რუსეთის საოკუპაციო ძალები მიწებს, სახლებს ითვისებენ


რუსეთის საოკუპაციო ძალები ითვისებენ „გასაოცარი ხალხის“ მიწებს, სახლებს და საზოგადოებას ორად ყოფენ, - ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა პრესისა და ინფორმაციის ატაშეს, კრის დევენპორტის განცხადება.

16 აგვისტოს კრის დევენპორტი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფებოდა სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკანონო საზღვრის მონიშვნას განაგრძობენ.

ტექსტში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას.

„ეს სოფელი გუგუტიანთკარია. აქაურობა სავსეა ულამაზესი ხილის ბაღჩებითა და გასაოცარი ხალხით. დღეს განსაკუთრებით გულსატკენი იყო იმის ხილვა, როგორ ითვისებენ რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ხალხის მიწებსა და სახლს, მათ ხომ მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში მშვიდობიანი ცხოვრება სურთ.

ამ ადამიანებს ართმევენ მთელი ცხოვრების მონაგარს და საზოგადოებას ორად ყოფენ. ამის ფონზე განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო გუგუტიანთკარელების მტკიცე გზავნილების მოსმენა ერთობასა და საქართველოს კეთილდღეობაზე.

დღეს გუგუტიანთკარის ხალხის გვერდით ამაყად ვაცხადებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას" - წერს კრის დევენპორტი, აშშ-ის პრესისა და ინფორმაციის ატაშე.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან 7 აგვისტოდან გაჰყავთ ე.წ. საზღვარი. ათზე მეტ ძელზე უკვე აღმართულია ე.წ. სასაზღვრო ღობე.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სოფლის განაპირას მდებარე ორი სახლი და მიწის ნაკვეთები. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნახევრად დანგრეული სახლები გუგუტიშვილების და რაზმაძეების საკუთრებაა. 15 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ოჯახები გააფრთხილეს, რომ თუ სახლებში რამე დარჩენილი აქვთ, გასატანად სამი დღე აქვთ.

ე.წ. საზღვრის გავლების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სარწყავი ნაგებობაც, რომელიც წყლით ამარაგებს გუგუტიანთკარს და ახლომდებარე სოფლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG