Accessibility links

ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართული დაიწვა


ზუგდიდში, ონარიის დასახლებაში ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ კორპუსს. დამწვარია ორსართულიანი შენობის მეორე სართული. ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ, ცეცხლი ერთ-ერთ ოჯახში გაზის პატარა ბალონის ანთებისას ძლიერმა აალებამ გამოიწვია.

ამ ეტაპზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თითქმის სრულად განადგურდა კორპუსის მობინადრეთა საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი.

შენობაში 7 ოჯახი ცხოვრობს. დაზარალებულები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილი.

კორპუსის მცხოვრებლებს პრეტენზიები სახანძრო სამსახურთანაც აქვთ. მათი მტკიცებით, მეხანძრეებს ადგილზე მოსასვლელად ნახევარ საათზე მეტი დასჭირდათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კი ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და განმარტავენ, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახური ადგილზე დროულად გამოცხადდა.

შემთხვევის ადგილზე მივიდა ზუგდიდის მერის მოადგილე, კონსტანტინე კაკავა. მისი თქმით, დაზარალებულ მოსახლეობას დროებით ქირით გადაიყვანენ, შემდეგ კი, კომისია შეისწავლის ზარალს და შედეგის მიხედვით გაეწევათ ფინანსური დახმარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG