Accessibility links

დავით ზალკალიანი: ხელი პულსზე გვიჭირავს, რომ სიტუაცია კონტროლიდან არ გამოვიდეს


დავით ზალკალიანი

ჩვენ პულსზე გვიჭირავს ხელი იმისთვის, რომ აქ არსებული სიტუაცია არ გამოვიდეს კონტროლიდან, - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გუგუტიანთკარში. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო და მთლიანად დიპლომატიური მისიები საზღვარგარეთ მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის თვალსაზრისით მაქსიმუმი კეთდება:

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დიპლომატიურმა კორპუსმა ყველაფერი გააკეთა, რაც კი რესურსი არსებობდა, რომ ყველა საერთაშორისო მექანიზმი ამოქმედებულიყო. მერწმუნეთ, აგვისტოს თვეში იოლი არ არის უშიშროების საბჭოს დებატების ფორმატის მოწვევა და ჩვენ ეს შევძელით და ძალიან მკაცრი დამგმობი განცხადებებიც მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მომავალშიც მათ ინფორმირებას, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში, ისევე ეუთოს მუდმივი საბჭოს ფორმატში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის ფორმატში და ასევე ორმხრივი დიალოგის ჩარჩოებში“, -განაცხადა დავით ზალკალიანმა.

როგორც დავით ზალკალიანმა მედიასთან განმარტა, იგი მადლიერია ადგილობრივი მოსახლეობის, რომ ისინი გაგებით ეკიდებიან შექმნილ ვითარებას:

„მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია იმ ქმედებებთან დაკავშირებით, იმ საქმიანობასთან მიმართებაში, რა საქმიანობაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელა. მათ აქვთ ამის სრული გაგება და მათი თხოვნაც არის, რომ მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული სიტუაცია იმისკენ, რომ არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია და შემდგომი გამწვავება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მან აღნიშნა ისიც, რომ მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია მათი სოციალური პრობლემების შესახებაც და დაპირდა მათ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა მოგვარდეს ეს პრობლემები, მათ შორის სარწყავი არხი არ მოექცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოსახლეობის მედიის გარეშე შეხვდა. მათთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გუგუტიანთკარში პრემიერ-მინისტრის დავალებით იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG