Accessibility links

ქაბულში ქორწილის დროს მომხდარ აფეთქებას 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა


60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 180-მდე დაიჭრა აფეთქების შედეგად, რომელიც წუხელ მოხდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საქორწინო დღესასწაულისას.

ქორწილს ესწრებოდა 1200-მდე სტუმარი. აფეთქება მოხდა ქაბულის იმ რაიონში, რომელშიც შიიტური უმცირესობა ცხოვრობს.

რადიკალური მოძრაობა თალიბანის წარმომადგენლებმა უარყვეს მომხდართან კავშირი. თალიბები აცხადებენ, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის ემზადებიან ქვეყანაში სამშვიდობო დარეგულირების თაობაზე.

მიუხედავად სამშვიდობო მოლაპარაკებებისა, ქვეყანაში კვლავაც მაღალია ძალადობის დონე. გაეროს თანახმად, აფეთქებებისა და თავდასხმების შედეგად მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მოკლული და დაჭრილია 3800-მდე ადამიანი.

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ კვირას ტვიტერში დაწერა, რომ თალიბები ვერ აარიდებენ თავს პასუხისმგებლობას, ვინაიდან ისინი, პრეზიდენტის სიტყვებით, „პლატფორმას წარმოადგენენ“ ტერორისტებისთვის.

16 აგვისტოს პაკისტანში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ავღანელი თალიბების ერთ-ერთი ლიდერი. მომხდარისთვის ჯერ არავის უკისრია პასუხისმგებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG