მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში, საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკი) ყოფილი ოფიცერი, დიმიტრი ლეჟავა დაინიშნა.
რადიო თავისუფლება შეეცადა ინფორმაციის გადამოწმებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუმცა, ამ ეტაპზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან პასუხი არ არის.
დიმიტრი ლეჟავა ამჟამად „ქართული ოცნების“ აქტივისტია. 1983-94 წლებში ის მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში; 1994-96 წლებში დასაქმებული იყო სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში, მოგვიანებით კი მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსად.
გავრცელებულ ინფორმაციას დიმიტრი ლეჟავას პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის შესახებ, უშიშროების სფეროში მომუშავე სპეციალისტები ეხმიანებიან. მათ შორისაა თეონა აქუბარდია, "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" თანადამფუძნებელი. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, პრეზიდენტის მრჩევლის დანიშვნის საკითხი დამატებით კითხვებს აჩენს:
„ამ ადამიანის წარსული დაკავშირებულია საბჭოთა უშიშროების სამსახურებთან. ქვეყანას არ აქვს ლუსტრაციის კანონი, რათა საბჭოთა სპეცსამსახურებთან მომუშავე პირები გამოაშკარავდნენ. ამასთანავე, დიმიტრი ლეჟავას ბოლო თანამდებობა 2003 წელს თავდაცვის სამინისტროში კადრების სამსახური იყო. როგორ მოახერხა ბატონმა მრჩეველმა საჭირო კვალიფიკაციის შეძენა თუ შენარჩუნება ამ პოსტისთვის, ესეც საინტერესო იქნებოდა. იმ ფონზე, როდესაც დასავლური ტიპის განათლება და უსაფრთხოების დასავლური აღქმა ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოებისთვის აპრიორია ქვეყნის გაცხადებული საგარეო პოლიტიკური ვექტორიდან გამომდინარე, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება აბსურდულია“, - ამბობს თეონა აქუბარდია.