Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტომოთესუბნის ტაძარში შესაძლოა, ისეთი სათავსო მოაწყონ, რომელიც ძეგლის იერსახეს შეეფერება


ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო შესაძლოა, მოხსნან. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ რადიო თავისუფლებას ტიმოთესუბანში სასულიერო პირებთან გამართული შეხვედრის შესახებ უამბო.

სააგენტოს სპეციალისტებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ანთიძე გვეუბნება, რომ ძეგლი არ დაზიანებულა და სათავსოს მოხსნა თავისუფლად შეიძლება.

ნიკოლოზ ანთიძემ ეკლესიას გამოსავალი შესთავაზა და, როგორც თავად ამბობს, სასულიერო პირები თანამშრომლობისთვის მზად არიან.

„მონასტერი ფუნქციონირებს და ყველა მონასტერს სჭირდება რაღაც სათავსო ეკლესიაში. ამიტომ,ჩვენს სპეციალისტებს ვთხოვეთ, მომზადდეს შესაბამისი პროექტი, რითიც ისეთი სათავსო მოეწყობა, რომელიც, როგორც ფუნქციურად გამოადგება ეკლესიას, ისე ძეგლის იერსახეს არ დააზიანებს. კარგია, რომ ეკლესიის მხრიდან თანამშრომლობა დეკლარირებულია. როგორც ვიცი, ძალიან კონსტრუქციული და ჯანსაღი შეხვედრა იყო. სპეციალისტები ჯერ არ დაბრუნებულან. დეტალური ინფორმაცია მათი ჩამოსვლის შემდეგ მექნება“, - გვითხრა ნიკოლოზ ანთიძემ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 18 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსზე გამოვლინდა უნებართვო ქმედება. საქმე ეხება სათავსოს, რომელიც თანამედროვე მასალითაა აგებული და დამონტაჟებული ინტერიერში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG