Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული რვავე მოქალაქე თავისუფალია


ერგნეთი
ერგნეთი

ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს საქართველოს 8 მშვიდობიანი მოქალაქე.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის შვიდი და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის ერთი მცხოვრები 17 და 18 აგვისტოს დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, 20 აგვისტოს ადგილობრივმა სასამართლომ დაკავებულებს დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ჯარიმა, რომლის გადახდის შემდეგ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან გააძევეს.“

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალუბნის შვიდი მცხოვრები 17 აგვისტოს დააკავეს სოფელ აძვის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე. მათი მიტოვებული ავტომანქანები ქართველმა სამართალდამცავებმა აძვის ტყის მიმდებარე ტერიტორიიდან 18 აგვისტოს წამოიყვანეს. იმავე დღეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით ღრომის ხეობაში დააკავეს სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცხინვალის იზოლატორიდან 20 აგვისტოს გათავისუფლებული რვავე მოქალაქე ქართულ პოლიციას ერგნეთში გადასცეს.

XS
SM
MD
LG