პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის საზაფხულო ფორმატში, გადაცემა „სირცხვილია“-ში, დღეს სტუმრად იყვნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანი ჟურნალისტები, რომლებსაც კომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ მათი დათხოვნის შესახებ გამოუცხადა.
ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, რომ კომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ მისი გათავისუფლების არგუმენტად დაასახელა ტელეკომპანიის მფლობელთან, „ქიბარ ხალვაშთან ჟორჟოლიანის უარყოფითი დამოკიდებულება“. ჟორჟოლიანის თქმით, ტელეკომპანიაში „დავა იყო სარედაქციო პოლიტიკაზე და არა ორ სუბიექტს შორის“. „თქვენ ხართ ცენზორი და ჩაახშეთ თავისუფალი სიტყვა ‘რუსთავი 2-ზე’“, მიმართა ნანუკა ჟორჟოლიანმა ‘რუსთავი 2’-ის ახალ ხელმძღვანელს.
დასასრულ ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოაცხადა, რომ ის მუშაობას გააგრძელებს ნიკა გვარამიასთან, რომლისგანაც შემოთავაზება მიიღო. „ჩვენ შევხვდებით ‘მთავარ არხზე,’“ თქვა მან.