პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ცოლი აცხადებს, რომ მის მეუღლეს სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება.
როგორც გულმირა ასლანოვამ რადიო თავისუფლებას 21 აგვისტოს უთხრა, ფოლად ასლანოვმა თავის ოჯახს ტელეფონით შეატყობინა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და ციხეში მას არანაირ სამედიცინო დახმარებას არ უწევენ.
ასლანოვი, რომელიც ახალი ამბების ინტერნეტგამოცემების, xeberman.com-ის და press-az.com-ის მთავარი რედაქტორი იყო, ივნისში დააპატიმრეს, სამშობლოს ღალატის ბრალდებით. გამომძიებლები აცხადებენ, რომ ასლანოვმა ფულის სანაცვლოდ საიდუმლო ინფორმაცია გადასცა ერთ-ერთ ქვეყანას, რომელსაც არ აკონკრეტებენ. ასლანოვი ბრალდებას უარყოფს.
"ფოლადმა მითხრა არ მივუტანო საკვები ციხეში, რადგან მისი სხეული საკვებს უარყოფს. მან ძალიან დაიკლო წონაში. ბოლოს რომ ვნახე, 27 ივლისს, ის 43 კილოგრამს იწონიდა" - ამბობს ჟურნალისტის მეუღლე.
მისი თქმით, როცა სატელეფონო ლაპარაკისას მისი ქმარი თავისი ჯანმრთელობის პრობლემას შეეხო, ზარი უცებ გაწყდა. ასლანოვამ ომბუდსმენთან იჩივლა და მის ქმარს კიდევ მიეცა საშუალება ოჯახს დაკავშირებოდა - "15 წუთი ვილაპარაკეთ ტელეფონით, რაც ყველაზე ხანგრძლივი საუბარი იყო მისი დაპატიმრების შემდეგ", ამბობს ასლანოვა, რომელმაც გენერალური პროკურორის ოფისსაც მიმართა მისი ქმრის მდგომარეობის გამოძიების თხოვნით.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და მისი მთავრობის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ ნავთობით მდიდარ ქვეყანაში ხელისუფლება ახშობს კრიტიკულ ხმებს, აპატიმრებს ჟურნალისტებს, უფლებადამცველებს და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს.