Accessibility links

აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსი მესამედ ჩაიშალა


აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ასარჩევად მეოთხე კონკურსის გამოცხადების საკითხზე გადაწყვეტილებას მრჩეველთა საბჭო 25 აგვისტოს მიიღებს. მან დირექტორის არჩევა ვერც 22 აგვისტოს გამართულ კენჭისყრის მეორე ტურში შეძლო.

როგორც პირველ, ასევე მეორე კენჭისყრაზე 2 ხმა მიიღო გიორგი კოხრეიძემ და თინათინ ცისკარიძემ - 1. დირექტორის ასარჩევად კი 3 ხმა არის საჭირო. კონკურსში მონაწილეობდა სულ 8 კანდიდატი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭო მოქმედი შემადგენლობით კონკურსს უკანასკნელად ჩაატარებს. წევრების ნაწილს უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურება.

ამჟამინდელი საბჭოსგან განსხვავებით მომავალში „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეული წევრები მყარ უმრავლესობაში იქნებიან, რასაც აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა განაპირობებს.

მრჩეველთა საბჭოში ადგილები დღეს ასე არის გადანაწილებული: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით არჩეულია ორი წევრი: ირაკლი დარცმელიძე და ბეჟან გობაძე; „ქართული ოცნების“ კვოტით - გიგა ჩხარტიშვილი; „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით - ნატა იმედაიშვილი; „რესპუბლიკელების“ კვოტით - გიორგი ირემაძე.

სწორედ, გიორგი ერემაძემ პროტესტის ნიშნად უარი თქვა 22 აგვისტოს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

დირექტორის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა 19 აპრილს გამოუცხადა.

ფარული კენჭისყრისას იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა საბჭოს ხუთიდან ოთხმა წევრმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG