Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში იხსენებენ ნაციზმისა და სტალინიზმის მსხვერპლთ


ევროკავშირის ხუთი ქვეყნის: ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარასკევს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერის მე-80 წლისთავთან დაკავშირებით. მათ მოუწოდეს ყველა ქვეყნების ხელისუფლებებს, არ დაივიწყონ ნაციზმისა და სტალინიზმის დანაშაულებრივი იდეოლოგია და ისწრაფვონ, რათა ის აღარასოდეს განმეორდეს.

1939 წლის 23 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ მოსკოვში ხელი მოაწერეს თავდაუსხმელობის პაქტს, რომლის შედეგადაც, მომდევნო თვეში საბჭოთა კავშირი და გერმანია პოლონეთში შეიჭრნენ.

შეთანხმება "მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის" სახელით არის ცნობილი, რადგან მას ხელი მოაწერეს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოახიმ ფონ რიბენტროპმა. ამ შეთანხმების შედეგად ჰიტლერს შეეძლო პოლონეთზე თავდასხმა საბჭოთა კავშირის საპასუხო რეაქციის შიშის გარეშე. ამავე დროს, ჰიტლერმა და სტალინმა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა საკუთარი „გავლენის სფეროებად“ გაინაწილეს.

2009 წელს ევროპარლამენტმა 23 აგვისტო დაადგინა ნაციზმისა და სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ.

დღესვე ბალტიისპირეთის ქვეყნებში აღინიშნება აქცია „ბალტიის გზის“ მორიგი წლისთავი. 1989 წლის 23 აგვისტოს, მოლოტოვ-რიბენტროპის აქტის ხელმოწერიდან 50-ე წლისთავზე, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის 2 მილიონი მოქალაქე ცოცხალ ჯაჭვში ჩადგა ვილნიუსიდან ტალინამდე რიგის გავლით. ამის მსგავსი ევროპაში არ მანამდე და არც მერე არაფერი არ მომხდარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG